ევროპარლამენტმა 2025 წლიდან „მწვანე საავიაციო საწვავის“ სავალდებულო გამოყენებას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა საავიაციო საწვავის საეტაპო წესდებას მხარი დაუჭირა. ახალი წესები, ეტაპობრივად, ნავთის ნაკლებად დამაბინძურებელი ენერგიის წყაროებით ჩანაცვლებას ითვალისწინებს. გარდა ამისა, უახლესი გადაწყვეტილებით, პარლამენტმა „მწვანე საწვავის“ განმარტებაც გააფართოვა.

ახალი რეგულაციებით, საწვავის მომწოდებლები 2025 წლიდან, ნავთში მინიმუმ 2% მდგრადი საავიაციო საწვავის (SAF) შერევის ვალდებულებას იღებენ. 2050 წლამდე, მდგრადი საავიაციო საწვავის მოცულობა ნავთში 85%-მდე გაიზრდება. გეგმა ბევრად უფრო ამბიციურია, ვიდრე წინა მიზანი, რომელიც 2050 წლისთვის SAF-ის მხოლოდ 63%-იან შემცველობას ითვალისწინებდა.

საავიაციო სექტორის კლიმატზე ზემოქმედების შესამცირებლად, მოთხოვნები ჯერ კიდევ გასულ წელს, ევროკომისიამ შეიმუშავა. ცნობისთვის, საავიაციო სექტორი გლობალური ემისიების 3%-ზეა პასუხისმგებელი. ახალი წესები ახლა უკვე გაერთიანების წევრმა მთავრობებმა და ევროკომისიამ უნდა დაამტკიცონ.

აღსანიშნავია, რომ ევროპარლამენტის გადაწყვეტილებით გაფართოვდა „მდგრადი საავიაციო საწვავის“ განმარტებაც. თავდაპირველი შეთავაზების თანახმად, SAF-ად განიხილებოდა მხოლოდ გადამუშავებული ნარჩენებისგან დამზადებული ბიოსაწვავი და წყალბადზე დაფუძნებული სინთეტიკა. ახალი წესდების მიხედვით კი „მწვანე საწვავად“ გადამუშავებული გაზიდან მიღებული რეციკლირებული ნახშირბადის საწვავი და ცხოველური ცხიმისგან ნაწარმოები ბიოსაწვავიც ითვლება.

წყარო: forbes.ge

Leave a Reply