ზედიზედ მეორე თვეა, საქართველოში ელექტროენერგიის ექსპორტის რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) მონაცემებით, 2022 წლის ივნისში ქვეყნიდან რეკორდული რაოდენობის, 352.2 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია გავიდა ექსპორტზე, რაც გასული წლის ივნისის მაჩვენებელზე, 195.2 მლნ კვტ.სთ-ზე, თითქმის 80%-ით მეტია.
გასულ თვეში ქვეყნის მთავარი საექსპორტო პარტნიორები აზერბაიჯანი და სომხეთი იყვნენ. აზერბაიჯანმა საქართველოდან 296.6 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია იყიდა, სომხეთმა კი – 54.6 მლნ კვტ.სთ.
ექსპორტის ზრდა დიდწილად ელექტროსადგურების გამომუშავების მატებასთანაა დაკავშირებული. 2022 წლის ივნისში ელექტროსადგურების საერთო გენერაციამ 1.48 მლრდ კვტ.სთ შეადგინა, რაც 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე, 1.32 მლრდ კვტ.სთ-ზე, 12.2%-ით მეტია და ასევე რეკორდული მაჩვენებელია – ერთ თვეში ამდენი ელექტროენერგია საქართველოში არასდროს გამომუშავებულა.
მიმდინარე წლის ივნისში შემცირდა მოხმარება და 1.13 მლრდ კვტ.სთ შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 14.2%-ით ნაკლებია. რაც შეეხება იმპორტს, წინა თვეში ქვეყანას საზღვარგარეთიდან ელექტროენერგიის ყიდვა არ დასჭირვებია.
წყარო: bpn.ge