ესპანეთსა და პორტუგალიაში ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო დაღუპულთა რიცხვი ათასამდეა გაზრდილი.
ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო BNO News-ი Twitter-ზე იტყობინება.
AFP-ის ცნობით, მადრიდში 17 ივლისს ჰაერის ტემპერატურა 39 გრადუსამდე გაიზარდა, ქვეყნის აღმოსავლეთით – დონ ბენიტოში რეკორდული მაჩვენებელი – 43,3 გრადუსი დაფიქსირდა.
La Vanguardia-ს ცნობით, 16 ივლისის მდგომარეობით, ესპანეთში 360 ადამიანი დაიღუპა, აქედან 22 – მადრიდის პროვინციაში.
ტემპერატურის რეკორდი – 47 გრადუსი პორტუგალიის ქალაქ პინიანში 14 ივლისს დაფიქსირდა.
დიდ ბრიტანეთში ეროვნული კრიზისული შტაბი შეიქმნა. ბრიტანეთის მეტეოროლოგიურმა სამსახურმა სიცხის საფრთხის ყველაზე მაღალი – “წითელი” დონე გამოაცხადა. ლონდონსა და მანჩესტერს შორის 40- გრადუსიანი ტემპერატურაა მოსალოდნელი. წინა რეკორდი – 38,7 გრადუსი 2019 წელს კემბრიჯში დაფიქსირდა.
საფრანგეთის ბევრ დეპარტამენტში, რომელთა უმეტესობა ატლანტის ოკეანის სანაპიროზე მდებარეობს, საფრთხის მაღალი დონე გამოაცხადეს. მომდევნო დღეებში 41 გრადუსია მოსალოდნელი.
ასევე, ჰაერის მაღალი ტემპერატურაა ფიქსირდება გერმანიაში, სადაც პიკი მიმდინარე კვირას იქნება. მეტეოროლოგების პროგნოზით, მოსალოდნელია 35, 39 და ზოგან 40-გრადუსიანი სიცხე.
როგორც აშშ-ის პროგნოზების სამსახურის AccuWeather-ის მთავარმა მეტეოროლოგმა, ტეილერ როისმა განაცხადა, მოსალოდნელია, რომ გაუსაძლისად მაღალი ტემპერატურა, დაახლოებით, 20 დღის განმავლობაში შენარჩუნდება, “პორტუგალიიდან ცენტრალურ საფრანგეთამდე და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რაიონებში”.
მისი თქმით, საუბარია მთელ რიგ ტერიტორიებზე უნგრეთში, აღმოსავლეთ ხორვატიაში, ბოსნია და ჰერცეგოვინაში, სერბეთში, სამხრეთ რუმინეთსა და ჩრდილოეთ ბულგარეთში.