მიუხედავად სანქციებისა, რომლებიც მიზნად ისახავს მოსკოვის ენერგეტიკული ნაკადების ჩახშობას, მსოფლიოს უდიდესმა ნავთობის მწარმოებელმა მეორე კვარტალში მკვეთრად გაზარდა რუსული ნავთობის იმპორტი, იტყობინება Reuters.
Reuters-ის მიერ განხილული მონაცემების თანახმად, საუდის არაბეთმა აპრილიდან ივნისამდე 647 000 ტონა რუსული ნავთობის იმპორტი განახორციელა. აღნიშნული ნავთობი მან რუსეთისა და ესტონეთის პორტებიდან შემოიტანა. ამ დროისთვის, 2021 წელის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რუსეთიდან იმპორტი 320 000 ბარელითაა გაზრდილი.
რა თქმა უნდა, სამეფოს სურვილი, გაზარდოს დამოკიდებულება რუსულ ნავთობზე, წინააღმდეგობაში მოდის მსოფლიო წამყვანი ძალების გადაწყვეტილებასთან – სათანადოდ დასაჯონ კრემლი უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ. მოხსენებებში ნათქვამია, რომ პრეზიდენტ ბაიდენის ვიზიტი საუდის არაბეთში სავარაუდოდ არ მოიტანს სასურველ შეთანხმებას ნავთობთნ დაკავშირებით, რაც კიდევ უფრო გაზრდის საწვავის ღირებულებაზე ზეწოლას შეერთებულ შტატებში, მიუხედავად იმისა, რომ გასამართ სადგურებზე ფასები უკვე 20 დღეა სტაბილურად მცირდება.
საქმე იმაშია, რომ რუსეთიდან იაფი საწვავის იმპორტი საშუალებას აძლევს საუდის არაბეთს გამოათავისუფლოს საკუთარი ნავთობი ექსპორტისთვის, რათა მოგება მიიღოს საერთაშორისო ბაზარზე რეკორდულად მაღალი ფასებიდან.
რუსული საწვავის ნაწილი საუდის არაბეთში ეგვიპტის გავლით ხვდება, ივნისში ეგვიპტიდან დღეში 110 000 ბარელი იქნა შემოტანილი. იმავდროულად, ხსენებულ თვეში თავად ეგვიპტემ რუსეთიდან დღეში 70 000 ბარელი ნავთობის იმპორტი განახორციელა, იტყობინება Reuters.
აქვე შეგახსენებთ, რომ საუდის არაბეთი აქტიურად იყენებს ნავთობს ელექტროენერგიისთვის, რომელიც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ზაფხულის მცხუნვარე თვეებში. სამეფოს დიდი ქალაქების უმეტესობა ბუნებრივი აირის საბადოებისგან მოშორებითაა განლაგებული, რაც მათ ნავთობზე დამოკიდებულებას კიდევ უფრო ზრდის. საუდის არაბეთი, როგორც წესი, ზაფხულობით დღეში 600,000 ბარელ ნავთობს მოიხმარს და დაახლოებით 300,000-ს – ზამთარში.