აზერბაიჯანი რუსეთიდან გაზს შეისყიდის

შვეიცარიამ გაზის ნორმირებული მოხმარების გეგმა გამოაქვეყნა

შვეიცარიის მთავრობამ გამოაქვეყნა გეგმა, რომელიც ზამთარში შესაძლო დეფიციტის გამო ბუნებრივი აირის ნორმირებულ მოხმარებას გულისხმობს. გაზის ნორმირებულ მოხმარებაზე ქვეყანა იმ შემთხვევაში გადავა, თუ სხვა ზომები არასაკმარისი იქნება. ამის შესახებ ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრმა, სიმონეტა სომარუგამ გამოცემა SonntagsZeitung-ს განუცხადა.

მინისტრის თქმით, მთავრობა ვერ იძლევა იმის გარანტიას, რომ „გაზი ყოველთვის საკმარისი იქნება.“ ის ამბობს, რომ შვეიცარიაში როგორც გაზის, ასევე, ელექტროენერგიის დეფიციტის შემთხვევაში, ენერგეტიკა ნორმირებული, პირველ რიგში, ბიზნესისთვის, ხოლო უკიდურეს შემთხვევაში ოჯახებისთვის იქნება.

შვეიცარიას გაზზე შედარებით დაბალი მოთხოვნა აქვს, რაც მთლიანი ენერგიის მოხმარების, დაახლოებით, 15%-ს მოიცავს. მთავრობის მონაცემებით, გაზის, დაახლოებით, 42% ოჯახების გასათბობად, დანარჩენი კი მრეწველობის, მომსახურებისა და ტრანსპორტის სექტორებში გამოიყენება.

თუმცა ქვეყანა მაინც იმპორტირებულ ნავთობსა და გაზზე არის დამოკიდებული. შვეიცარიას ზღვაზე გასასვლელი არა აქვს, ამიტომ გაზს ევროკავშირის მეზობელ ქვეყნებში არსებულ სავაჭრო ჰაბების მეშვეობით იღებს, რისი შეფერხება ქვეყანაზეც ახდენს გავლენას.

„სწორედ ამიტომ ვერავინ იძლევა გარანტიას, რომ ყოველთვის იქნება საკმარისი გაზი ყველასთვის,” – აცხადებს სიმონეტა სომარუგა.

მან მოუწოდა შვეიცარიის რეგიონულ კანტონებს, მეტი ინვესტიცია განახორციელონ მზის ენერგიის, ბიოგაზის, ქარისა და ჰიდროენერგიის გაფართოებაში.

მიწოდების ჯაჭვის დაუცველობის, კლიმატის ცვლილებისა და უკრაინის ომის მსგავსი მოვლენების გამო, შვეიცარიის მთავრობა, ასევე, სასურსათო რეზერვების გაფართოებას განიხილავს, რათა დარწმუნდეს, რომ ქვეყანა ყავის, მარცვლეულისა და შაქრის დეფიციტით არ დაზარალდება.

Reuters-ის ცნობით, მეზობელი გერმანია გასულ თვეში გაზის მოხმარების სამსაფეხურიანი საგანგებო გეგმის მეორე დონეზე მას შემდეგ გადავიდა, რაც რუსეთმა Nord Stream-1 მილსადენით მიწოდება შეამცირა. ქვეყანას სულ ერთი საფეხურიღა დარჩა იმისთვის, რომ მთავრობამ საწვავის ნორმირებულ მოხმარება შემოიღოს.

წყარო: bpn.ge

Leave a Reply