ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით გატარებული ნავთობის, დაახლოებით, 90% აზერბაიჯანულია. ამის შესახებ აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრი ფარვიზ შაჰბაზოვი Twitter-ზე წერს.
მისი მონაცემებით, 16 წლის განმავლობაში, სისტემის სრული ექსპლუატაციის შედეგად მილსადენით მთლიანობაში 518 მილიონი ტონა ნავთობი იქნა გადატვირთული, საიდანაც 463 მილიონი ტონა აზერბაიჯანული ნავთობია.
მიმდინარე წლის იანვარ-მარტში მაგისტრალური ნავთობსადენებით 8 642 500 მილიონი ტონა ნავთობის ტრანსპორტირება მოხდა.
აზერბაიჯანული სააგენტო „აზერტაჯს“ სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტში აცნობეს, რომ ქვეყნის ნედლეულის მთლიანი ტრანსპორტირების 77,2% სწორედ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის საექსპორტო ნავთობსადენის წილია. ამ მილსადენით იანვარ-მარტში 6 მილიონ 675 ათასი ტონა აზერბაიჯანული ნავთობის, ხოლო 1 201 700 მილიონი ტონა სატრანზიტო ნავთობის ტრანსპორტირება მოხდა.
ბაქო-თბილის ჯეიჰანის ნავთობსადენის საერთო სიგრძე 1768 კილომეტრია, საიდანაც 443 კილომეტრი აზერბაიჯანზე, 249 კილომეტრი საქართველოზე, ხოლო 1076 კილომეტრი თურქეთის ტერიტორიაზე გადის.
მილსადენის მშენებლობა 2003 წლის აპრილში, ხოლო ნავთობით მისი შევსება 2005 წლის 18 მაისს დაიწყო. მილსადენი ექსპლუატაციაში 2006 წლის 13 ივლისს შევიდა.
წყარო: “ბიზნესპრესნიუსი”