რუსული გაზის ალტერნატივა – საბერძნეთისა და ბულგარეთის დამაკავშირებელი გაზსადენი გაიხსნა

საბერძნეთისა და ბულგარეთის პრემიერ-მინისტრებმა ახალი ენერგეტიკული მილსადენი გახსნეს. მისი მეშვეობით, აზერბაიჯანული ბუნებრივი აირი ბულგარეთს მიეწოდება. პროექტმა განსაკუთრებული მნიშვნელობა მას შემდეგ შეიძინა, რაც რუსეთმა ბულგარეთს გაზის მიწოდება შეუწყვიტა.

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკისმა ხაზი გაუსვა ახალი მილსადენის, როგორც ალტერნატიული მიწოდების გზის მნიშვნელობას ბულგარეთისთვის. საბერძნეთი ცდილობს, რეგიონულ ენერგეტიკულ ცენტრად იქცეს.

“ეს არ არის მხოლოდ გაზსადენი, არამედ მნიშვნელოვანი ენერგეტიკული ხიდია სამხრეთსა და ჩრდილოეთს შორის”, – განაცხადა მიცოტაკისმა საბერძნეთში გამართულ ცერემონიაზე.

ბულგარეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, კირილ პეტკოვმა ხაზი გაუსვა მილსადენის როლს მის ქვეყანაში რუსული გაზის მონოპოლიის დასრულებისთვის.

182 კილომეტრიანი მილსადენი მიემართება ჩრდილო-აღმოსავლეთ საბერძნეთის ქალაქ კომოტინიდან ცენტრალურ ბულგარეთში, სტარა ზაგორამდე. მისი საწყისი სიმძლავრე 3 მილიარდი კუბური მეტრია. თუმცა, მილსადენს 5 მილიონ კუბურ მეტრამდე ზრდის პოტენციალი აქვს. ბულგარეთი, სავარაუდოდ, უახლოეს კვირებში მიიღებს გაზს.

საბერძნეთი ცდილობს, გახდეს ენერგეტიკული ჰაბი ბალკანეთისთვის. ამისათვის, გამოიყენებს წიაღისეულ საწვავს კასპიისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთიდან და, პოტენციურად, რეგიონს მიაწვდის განახლებად ენერგიას ეგვიპტიდან. გარდა ამისა, საბერძნეთი აშენებს თხევადი ბუნებრივი გაზის ტერმინალს ალექსანდროპოლისის ჩრდილო-აღმოსავლეთ პორტთან, კომოტინთან ახლოს.

წყარო: businessformula.ge

Leave a Reply