„ელექტრონერეგია თუ არ გვექნება, ბნელი დრო დაგიდგებათ,“ – ასლან ბჟანია დე ფაქტო მთავრობის წევრებს ემუქრება
„თუ დეფიციტის საკითხი არ მოგვარდება და ელექტროენერგია არ გვექნება, ყველა ჩინოვნიკს ბნელი დრო დაუდგება. თქვენ იქნებით პირველი, ვინც ამას მეტად არასასიამოვნო გზით საკუთარ თავზე იგრძნობთ,“ – ასეთი გაფრთხილება დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიამ ე.წ. მინისტრთა კაბინეტის წევრებს მისცა.
„აფსნიპრესის“ ცნობით, ბჟანია აფხაზეთში 2022 წლის მიზნობრივი პროგრამის შესაბამისად 22 000 მრიცხველის დამონტაჟებას მოითხოვს, რასაც, დაახლოებით, 437 მლნ რუბლი (7 129 404 დოლარი) დასჭირდება. თუმცა „ჩერნომორენერგოს” წელს აფხაზეთში 10 000-მდე მრიცხველის დამონტაჟების რესურსი აქვს, მთლიან პროგრამას კი სამი წლის განმავლობაში 2,8 მლრდ რუბლი (45 741 882 დოლარი) სჭირდება, ამიტომ ბჟანია სახსრების მოძიებას მოითხოვს.
„აფხაზურ მხარეს ამდენი მოწყობილობის დაფინანსების წყარო არ აქვს. ჩვენ უკვე გავაგზავნეთ წინადადებები რუსეთის ენერგეტიკის სამინისტროში,“ – ამბობს ოზგანი.
ამ წინადადებები თანახმად, მრიცხველების მისაწოდებლად გადახდის ვალდებულება სამი წლის განმავლობაში, დაახლოებით, 1,3 მლრდ რუბლს (21 236 787 დოლარს) შეადგენს.
„ჩვენ უნდა განვსაზღვროთ, რა თანხის გასტუმრებას შევძლებთ 2023 წელს და დამატებით მოვიძიოთ წყაროები, რომ ვალდებულება გადახდის პირობებით შევასრულოთ,“ – აცხადებს კრისტინა ოზგანი.
დე ფაქტო პრემიერ-მინისტრ ალექსანდრე ანქვაბის თქმით, ინვესტიციების გარეშე აფაზეთის ენერგეტიკული პრობლემის მოგვარება შეუძლებელია.
„ჩვენ ენერგეტიკა არ გვაქვს, გვაქვს მხოლოდ მავთულები და ისინიც ცუდ მდგომარეობაშია. ეს მთელი აფხაზური საზოგადოებისთვის გასაგები უნდა იყოს,“ – აცხადებს ანქვაბი.
მისი თქმით, აუცილებელია, ელექტროენერგეტიკის შესახებ კანონში სერიოზული ცვლილებები შევიდეს, რადგან მოქმედი კანონმდებლობით აფხაზეთში ინვესტორი არ შევა.
„ასე ვერავინ ვერაფერს გააკეთებს! დავალიანების მარადიული ხვრელები გვექნება და მარადიულ ენერგეტიკულ მონობაში ვიქნებით,“ – აცხადებს ანქვაბი.
ადგილობრივი „ჩერნომორენერგოს” გენერალური დირექტორის მოადგილის, ზურაბ ბაღაფშის ცნობით, მრიცხველების მიწოდება კომპანია „როსელექტრონიკიდან“ 2022-2024 წლების პერიოდში მოხდება. 70 ათასი მოწყობილობის შეძენას, დაახლოებით, 1,3 მლრდ რუბლი (21 236 787 დოლარი) დასჭირდება, თუმცა ამ თანხაში აღრიცხვის მოწყობილობების დამონტაჟების ღირებულება არ შედის. ამასთან, ბაღაფში აღრიცხვის მოწყობილობების ძველ სადენებზე დაყენებას შეუძლებლად მიიჩნევს, რადგან ისინი სწორად არ იმუშავებენ. მისი მონაცემებით, თუ სოხუმში მრიცხველის დაყენება, ადგილიდან გამომდინარე, 2,5 ათასიდან (41 დოლარიდან) 3 ათას ან 5 ათას რუბლამდე (49 ან 82 დოლარამდე) ღირს, რეგიონებში ეს მაჩვენებლები გაცილებით მაღალია.
ზურაბ ბაღაფშს სპეციალისტების გათვლები მოჰყავს და აცხადებს, რომ 70 000 მრიცხველის დამონტაჟებას, დღევანდელი ფასებით, დაახლოებით 1,5 მლრდ რუბლი (24 504 879 დოლარი) დასჭირდება.
დე ფაქტო მთავრობა შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ელექტროენერგიის სერიოზულ დეფიციტს მოელის, ამიტომ ასლან ბჟანია გამოსავალს ეძებს. კრისტინა ოზგანის მონაცემებით, ნოემბრისთვის აფხაზეთში ელექტროენერგიის დეფიციტმა შესაძლოა, დაახლოეიბთ, 400 მილიონ კვტ/სთ-ს მიაღწიოს. მისი თქმით, ელექტროენერგიის დეფიციტის შესამცირებლად ორი ვარიანტი განიხილება: რუსული ნაკადის 2023 წლის მოცულობიდან სიმძლავრეების ნაწილის 2022 წელზე გადმოტანა ან ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის მოხმარებიდან წილის გაზრდა.
წყარო: bpn.ge