ლიეტუვის საბაჟო სამსახური იტყობინება, რომ მოსკოვის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების ეტაპობრივი განვითარების ჩარჩოებში, ფართოვდება ლიეტუვის ტერიტორიის გავლით რუსეთიდან კალინინგრადის ოლქისკენ რუსეთში წარმოებული პროდუქტის ტრანსპორტირების შეზღუდვა.
10 ივლისიდან შეზღუდვა ეხება ცემენტს, ხის მასალას, სპირტს და საყოფაცხოვრებო ქიმიკატებს.
ლიეტუვამ ადრე ჩაკეტა რუსეთში წარმოებული ფოლადის და შავი ლითონების სატრანსპორტო მარშრუტი, რაც 18 ივნისს ძალაში შესული სანქციების შესაბამისად მოხდა.
სააგენტო BNS-ის თანახმად, 10 აგვისტოდან ამოქმედდება რუსეთიდან ქვანახშირის და სხვა მყარი წიაღისეულის ტრანსპორტირებაზე აკრძალვა ლიეტუვის გავლით, ხოლო 5 დეკემბრიდან ეს გავრცელდება ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე.
სანქციები არ ეხება ჰუმანიტარული და სასიცოცხლო მნიშვნელობის პროდუქტს, მაგალითად, კვების პროდუქტებს.
ევროკავშირმა რუსეთს სანქციები დაუწესა 24 თებერვალს უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ.
ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ, ხაზი გაუსვა, რომ მისი ქვეყანა „მოვალეა“ და „დაიცავს“ ევროკავშირის სანქციებს.
ლიეტუვამ რუსეთს შესთავაზა საქონელი ზღვის საშუალებით გადატვირთონ კალინინგრადში, სადაც რუსეთის ერთადერთი ნავსადგურია, რომელიც მთელი წელი მოქმედებს.
ივნისის ბოლოს რუსეთმა ევროკავშირის წარმომადგენელი გამოიძახა და მას „გადაჭრით” პროტესტი გამოუცხადა სახმელეთო გზებით ტრანსპორტის შეზღუდვის გამო და „საპასუხო ზომებით“ დაიმუქრა.
კალინინგრადის ოლქი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გადაეცა რუსეთს. ტერიტორია ლიეტუვასა და პოლონეთს შორის მდებარეობს და არ აქვს სახმელეთო კავშირი საკუთრივ რუსეთთან.