უკრაინის ომის ფონზე, საუდის არაბეთის ნავთობის კონცერნი Saudi Aramco მსოფლიოში კვლავ ყველაზე ძვირადღირებული კომპანია გახდა, იგი უსწრებს ამერიკულ Apple-ს. ამის შესახებ სააგენტო dpa იტყობინება საერთაშორისო აუდიტისა და საკონსულტაციო კომპანია Ernst & Young (EY)-ის ჩატარებულ კვლევაზე.
30 ივნისის მდგომარეობით, Saudi Aramco-ს კაპიტალიზაციამ 2,3 ტრილიონ დოლარს მიაღწია. Apple, რომელიც გასული წლის ბოლოს ყველაზე ძვირადღირებული კომპანია იყო მსოფლიოში, მეორე ადგილზე გავიდა 2,2 ტრილიონი დოლარის კაპიტალიზაციით.
უკრაინის ომის დაწყებიდან მსოფლიო ბირჟებზე ფასების ვარდნამ ასი ყველაზე ძვირადღირებული კომპანიის რეიტინგი ამოაყირავა, წერენ EY-ის ანალიტიკოსები. საფონდო ბირჟებზე ტურბულენტობამ პირველ რიგში მძიმედ დაარტყა ტექნოლოგიურ კომპანიებს, – აცხადებს EY.
წლის დასაწყისიდან, უკრაინაში რუსეთის შემოჭრის ფონზე, 100 უმსხვილესი კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 17 პროცენტით დაეცა და 6,1 ტრილიონ დოლარამდე შემცირდა. ამავდროულად, ტექნოლოგიური გიგანტების კაპიტალიზაციის კლებამ 28 პროცენტი შეადგინა, ხოლო ნავთობისა და გაზის სექტორის კომპანიებმა კაპიტალიზაცია 19 პროცენტით გაზარდეს.
EY-ის რეიტინგის ტოპ 10-ში შევიდნენ Microsoft, Google-ის დედა კომპანია Alphabet, Amazon, Tesla, საინვესტიციო ფირმა Berkshire Hathaway, სადაზღვევო კომპანია Unitedhealth, Johnson & Johnson და Meta (ყოფილი Facebook).
პირველად მას შემდეგ, რაც EY ატარებს მსგავს კვლევას (2006 წლიდან), მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული კომპანიების ტოპ 100-ში გერმანიის წარმომადგენლები არ მოხვდნენ.
ყველაზე ძვირადღირებულმა ევროპულმა კომპანიამ – “ნესტლემ” მსოფლიო რეიტინგში მე-20 ადგილი დაიკავა.
EY Germany-ის აღმასრულებელი დირექტორი ჰენრიკ აჰლესი განმარტავს, რომ დიგიტალიზაციის გლობალური ტენდენცია, განსაკუთრებით გაძლიერდა კოროვირუსული პანდემიის დროს. ევროპაც და გერმანიაც ჩამორჩებიან ამ სექტორში. ტოპ 100-ში შემავალ 23 ტექნოლოგიურ კომპანიიდან 17-ის სათაო ოფისი ჩრდილოეთ ამერიკაშია, ოთხი აზიაში და მხოლოდ ორის სათაო ოფისი ევროპაში. ანალიტიკოსის აზრით, ეს ტენდენცია წლების განმავლობაში მხოლოდ გაიზრდება.