საინფორმაციო საგენტო Bloomberg საბაჟო დოკუმენტაციაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან სამი თვის განმავლობაში რუსეთმა 24 მილიარდი დოლარი მიიღო ჩინეთისა და ინდოეთისთვის ენერგორესურსების მიყიდვით.
უახლესი საბაჟო მონაცემებით, მარტიდან მაისის ჩათვლით რუსულ ნავთობზე, გაზზე და ნახშირზე ჩინეთმა 18,9 მილიარდი დოლარი დახარჯა, თითქმის ორჯერ მეტი, ვიდრე წინა წელს.
ინდოეთმა იმავე პერიოდში შესყიდვების მოცულობა გაზარდა ხუთჯერ – 5,1 მილიარდ დოლარამდე.
მთლიანობაში, მაღალი ფასების და ჩინეთსა და ინდოეთში რუსული ენერგორესურსების შესყიდვის მოცულობის ზრდის გამო, კრემლმა 2021 წლის იმავე თვეებთან შედარებით ორივე ქვეყნიდან დამატებით 13 მილიარდი დოლარი მიიღო.
სააგენტო აღნიშნავს, რომ რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციებმა გამოიწვია ენერგორესურსებზე ფასების სწრაფი ზრდა და ინფლაციის დაჩქარება, რაც მსოფლიოს მთავარ ეკონომიკების ვარდნის საფრთხეს ქმნის.