ევროკავშირი მსოფლიოში ყველაზე მაღალი, როგუნის კაშხლის მშენებლობის დაფინანსებას გეგმავს

საინფორმაციო სააგენტო „როიტერი” ევროკავშირის ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება, რომ ევროკავშირი გეგმავს გახდეს მსოფლიოში ყველაზე მაღალი კაშხლის უმსხვილესი ინვესტორი რათა ტაჯიკეთისა და მისი მეზობლების რუსეთისგან სრული ენერგეტიკული დამოუკიდებლობა უზრუნველყოს.

ტაჯიკეთმა გიგანტური, 335 მ სიმაღლის როგუნის კაშხლის მშენებლობა 2016 წელს დაიწყო და დღემდე მის მშენებლობაზე ~3 მილიარდი დოლარია დახარჯული. მისი სავარაუდო ღირებულება კი ~8 მილიარდი დოლარია. ევროპის საინვესტიციო ბანკი მის დაფინანსებაში დღემდე არ მონაწილეობდა. უცნობია, რა რაოდენობით დააფინანსებს იგი პროექტს.

როგუნის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის პროექტი საბჭოთა კავშირის დროს, 1974 წელს მომზადდა. მშენებლობა 1987 წელს დაიწყო, მაგრამ საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე შეწყდა. მშენებლობის განახლება ტაჯიკეთმა არაერთხელ დააპირა, მაგრამ მოწინააღმდეგეები კაშხლის მაღალი სეისმურობის ზონაში მდებარეობაზე და მის ქვეშ არსებულ, ქვამარილით ამოვსებულ ტექტონიკურ რღვევაზე აპელირებდნენ და მშენებლობას დაუშვებლად მიიჩნევდნენ. მშენებლობას სახიფათოდ მიიჩნევდა და კატეგორიულ წინააღმდეგობას უწევდა უზბეკეთის ხელისუფლება. მის წინააღმდეგი იყო საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ხოლო მსოფლიო ბანკის მიერ დაქირავებული ექსპერტები მიიჩნევდნენ, რომ კაშხლის სიმაღლე 170 მეტრზე მაღალი არ უნდა ყოფილიყო. საბოლოოდ, კაშხლის მშენებლობა მხოლოდ უზბეკეთის ლიდერ ისლამ კარიმოვის სიკვდილის შემდეგ განახლდა, თუმცა მისი სრულად დაფინანსების საკითხი ამ დრომდე გადაუწყვეტელი რჩებოდა.

წყარო: ipress.ge

Leave a Reply