გერმანია წყალბადზე მომუშავე მატარებლების გამოყენებას იწყებს

Siemens Mobility ბერლინი-ბრანდენბურგის მეტროპოლიტენ რეგიონის სარკინიგზო ქსელისთვის წყალბადზე მომუშავე რამდენიმე მატარებლის აწყობას გეგმავს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, წყალბადზე მომუშავე მატარებლების დამკვეთი Niederbarnimer Eisenbahn-ია.

Siemens Mobility, Niederbarnimer Eisenbahn-ს ჯამში შვიდ Mireo Plus H მატარებელს 2024 წლის შემოდგომამდე მიაწვდის. ორვაგონიანი ტრანსპორტი საწვავის უჯრედებსა და ლითიუმის იონურ ბატარეებს გამოიყენებს. აღსანიშნავია, რომ კომპანიებს შორის მომსახურებისა და სათადარიგო ნაწილების შესახებ 10-წლიანი ხელშეკრულებაა გაფორმებული.

Siemens Mobility-ის განცხადებით, მატარებლების მაქსიმალური სიჩქარე 160 კილომეტრი საათში იქნება. დიზელიდან წყალბადზე გადასვლით, Heidekrautbahn-ი CO2-ის წლიურ ემისიას დაახლოებით 3 მილიონი კილოგრამით შეამცირებს და 1.1 მილიონ ლიტრ დიზელს დაზოგავს. ქსელში წყალბადით მომუშავე მატარებლების დამატება ბერლინისა და ბრანდენბურგის შტატებისა და ფედერალური მთავრობის დაფინანსებული ერთობლივი საპილოტე პროექტის ნაწილია.

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს თანახმად, რკინიგზა „ერთ-ერთი ყველაზე ენერგოეფექტიანი სატრანსპორტო მოდელია“. რკინიგზაზე მსოფლიოში მგზავრების მოტორიზებული გადაადგილების 9%, ხოლო ტვირთის 7% მოდის. მიუხედავად ამისა, სარკინიგზო სექტორი ტრანსპორტის ენერგიის მოხმარების მხოლოდ 3%-ს შეადგენს.

Siemens Mobility ერთ-ერთია იმ რამდენიმე კომპანიას შორის, რომლებიც წყალბადზე მომუშავე მატარებლებზე მუშაობენ. მსგავს კომპანიებს შორისაა East Japan Railway და ევროპული რკინიგზის მწარმოებელი Alstom. ამ უკანასკნელმა გერმანიასა და ავსტრიაში წყალბადის მატარებელი მგზავრთა ტრანსპორტირებისთვის უკვე გამოიყენა.

წყარო: forbes.ge

Leave a Reply