2015 წელს სსე განახლებული ქვესადგურების მფლობელი იქნება

2015 წელს “სსე” განახლებული ქვესადგურების მფლობელი იქნება

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის, სულხან ზუმბურიძის განცხადებით, ბოლო წლები „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის” ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი იყო და კომპანია განვითარების სრულიად ახალ ეტაპზე გადავიდა – დანგრეული ინფრასტრუქტურა, 30-40 წლის წინ აშენებული ელექტროგადამცემი ხაზები და ქვესადგურები, რომლებსაც არავითარი რეაბილიტაცია არ ჩატარებია.

ზუმბურიძის თქმით, ქვესადგურები უკვე თითქმის სრულად არის რეაბილიტირებული, 2015 წელს კი „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” ახალი მოწყობილობებით აღჭურვილი ქვესადგურების მფლობელი იქნება.

ამასთან, ზუმბურიძე აღნიშნავს, რომ „შავი ზღვის ელექტროგადამცემი ქსელის” პროექტის ანალოგი კავკასიის რეგიონში არ არსებობს. სწორედ ამ პროექტის წარმატებულად განხორციელება გახდა საქართველოში ინვესტიციების შემოდინების სტიმული – აშენდა 7 ახალი ჰიდროელექტროსადგური, 16 ჰიდროელექტროსადგური მშენებლობის პროცესშია, დაიწყო ახალი, კომბინირებული ციკლის 230 მეგავატიანი თბოელექტროსადგურის მშენებლობა გარდაბანში, ხოლო გაფორმებული მემორანდუმების საფუძველზე 82 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის პროექტი განხორციელების სხვადასხვა ეტაპზეა.

გარდა ამისა, მისივე თქმით, განხორციელდა 220კვ გადამცემი ხაზების „სენაკი 1-2″ და შესაბამის ქვესადგურებში „მენჯი” და „წყალტუბო” 220კვ უჯრედების რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია.

ასევე ზუმბურიძის განცხადებითვე, აშენდა აზერბაიჯანთან დამაკავშირებელი ახალი, 500 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი, რამაც გააუმჯობესა ორი ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოება და მომხმარებელთა ენერგომომარაგების სტაბილურობა.

ზუმბურიძე ასევე აღნიშნავს, რომ „სომხეთის ენერგოსისტემის ოპერატორისა” და „მაღალი ძაბვის ელექტრო ქსელების” ხელმძღვანელების მიერ ხელი მოეწერა ახალი სისტემათაშორისო გადამცემი ხაზის მშენებლობის დოკუმენტაციას. ხელშეკრულების თანახმად, აშენდება მძლავრი, 500 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი. ამ პროექტის ფარგლებში, სსე-ის ქვესადგურს „მარნეული-220″ დაემატება 500 კილოვოლტიანი ფრთა.

შედეგად, მისი თქმით, საქართველოს დედაქალაქის ენერგომომარაგება ორმაგად უსაფრთხო და საიმედო გახდება.

გარდა ამისა, 31 ოქტომბერს ხელი მოეწერა ქვესადგურის „ქსანი-500″ რეაბილიტაციის პროექტს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს წინასამშენებლო სამუშაოები. მშენებლობა გაზაფხულზე დაიწყება, 2016 წელს კი უკვე სრულად რეაბილიტირებული ქვესადგური გვექნება.

სახელმწიფო ელექტროსისტემა ასევე გეგმავს დაახლოებით 142 კმ სიგრძის, 220 კილოვოლტიანი ხაზის „ახალციხე-ბათუმი” მშენებლობას. პროექტის განხორციელების შედეგად, შესაძლებელი გახდება აჭარისწყალზე კერძო ინვესტორის მიერ მშენებარე “შუახევიჰესი”-ს და “კორომჰეთიჰესი”-ს საშუალებით გამომუშავებული ელექტროენერგიის სისტემაში შეყვანა, რაც დაახლოებით 360 მეგავატს შეადგენს.

ეს პროექტი ზუმბურიძის თქმით, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ბათუმის ელექტრომომარაგებას, გაზრდის საქართველოს ენერგოსისტემის მუშაობის საიმედოობას და ჭარბი ელექტროენერგიის შემთხვევაში მისცემს მათ საშუალებას, განახორციელონ ექსპორტი თურქეთსა და სხვა პოტენციური ბაზრების მიმართულებით.

მისივე ინფორმაციით, ჯვარში მიმდინარეობს ახალი, 500/220კვ.იანი ქვესადგურისა და დაახლოებით 70კმ სიგრძის, ახალი გადამცემი ხაზების მშენებლობა. აღნიშნული პროექტი სსე-ის ერთ-ერთ მთავარ საინვესტიციო პრიორიტეტს წარმოადგენს. მისი განხორციელება ხელს შეუწყობს ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარე ჰესებიდან ელექტროენერგიის გატანას დასავლეთ საქართველოს, ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონისა და თურქეთის მიმართულებით და შესაძლებელს გახდის აღმოსავლეთ საქართველოსკენ ელექტროენერგიის მიწოდების ზრდას.

გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება 500კვ.იანი ელექტროგადამცემი ხაზის „ქსანი-სტეფანწმინდა” მშენებლობა. ხაზის მშენებლობა უზრუნველყოფს მშენებარე ჰიდროელექტროსადგურების დაკავშირებას ერთიან ენერგოსისტემასთან და მოემსახურება საქართველოს, როგორც ელექტროენერგიის სატრანზიტო დერეფანს ჩრდილო-სამხრეთის მიმართულებით. ასევე გააუმჯობესებს მცხეთა-მთიანეთის რეგიონისთვის ელექტროენერგიის შეუფერხებლად მიწოდებას და საიმედოობას, რითაც დაკმაყოფილდება ელექტროენერგიაზე გაზრდილი მოთხოვნა მოცემული რეგიონისთვის, როგორც მომავალი საკურორტო ზონისთვის.

ასევე, გასულ წელს სსე-სა და USAID-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, USAID დააფინანსებს 35/10/6კვ გამანაწილებელი მოწყობილობის შესყიდვას სსე-ის შემდეგი ქვესადგურებისთვის: ფერო, რუსთავი, ზესტაფონი, ბათუმი, გორი, ხაშური, მარნეული, მენჯი, წყალტუბო, ზუგდიდი, გარდაბანი, გურჯაანი. პროექტი ასევე გულისხმობს გამჭიმი მოწყობილობის შესყიდვას.

USAID ასევე დააფინანსებს სსე-ის ყველა ქვესადგურის დაცვისა და მართვის სისტემების რეაბილიტაციას.

შესაბამისად, სსე-ს ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ 2015 წლის ბოლოს , საქართველოს ენერგოსისტემა სრულად რეაბილიტირებული და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქვესადგურების მფლობელი იქნება, რაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტია ქვეყნის ენერგოსაიმედოობის და ენერგოუსაფრთხოების მხრივ.

Leave a Reply