გიგლა აგულაშვილი: ჰაერის დაბინძურების მაღალი მაჩვენებელი ქვეყანაში არ ფიქსირდება

გიგლა აგულაშვილი: ქვეყანაში ჰაერის დაბინძურების მაღალი მაჩვენებელი არ ფიქსირდება

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა გარემოს ეროვნულ სააგენტოში პრეზენტაცია გამართა და საზოგადოებას ჰაერის დაბინძურების შესახებ შედეგები გააცნო.

ატმოსფერული ჰაერის ინდიკატორული გაზომვების შედეგები გააცნო. კვლევა საქართველოს მასშტაბით 58 მონაკვეთზე ჩატარდა. დედაქალაქში 26 მონაკვეთის შესწავლა მოხდა.

გიგლა აგულაშვილის თქმით, ჩატარებული კვლევის შედეგად ჰაერის დაბინძურების მაღალი მაჩვენებელი ქვეყანაში არც ერთ მონაკვეთზე არ დაფიქსირდა. შედარებით მაღალია აზოტის დიოქსიდის მაჩვენებელი იმ მონაკვეთებზე, სადაც ავტოსაგზაო მოძრაობა უფრო ინტენსიურია, მაგალითად რუსთაველის გამზირზე, მელიქიშვილის გამზირზე და ასე შემდეგ.

მინისტრის ინფორმაციით, აზოტის დიოქსიდის შედარებით მაღალი მაჩვენებელი მოძველებულმა ავტოპარკმა განაპირობა და ამ კუთხით საქართველოს მთავრობა გარკვეული ნაბიჯების გადადგმას გეგმავს. საუბარია ავტოდათვალიერების შემოღებაზე.

“კვლევამ აჩვენა, რომ ვითარება საქართველოში არ არის სახარბიელო, მაგრამ ასევე არ არის საგანგაშო, რადგან ყველაზე კრიტიკულ მონაკვეთებშიც კი მაჩვენებელი საშუალო ფარგლებშია. გამოჩნდა, რომ დაბინძურების ძირითადი წყარო ავტოსაშუალებების მიერ არასრული წვაა. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ კვლევას გავაგრძელებთ და გვექნება დაკვირვების უფრო მეტი წერტილი, იარსებებს საინტერესო ბაზა, რომელსაც დავამუშავებთ და მივცემთ კონკრეტულ რეკომენდაციებს შესაბამისი ქალაქის ორგანოებს, რომ მათ გაითვალისწინოს ეს მონაცემები დაგეგმარების პროცესში.

ჩვენ ასევე აქტურად განვაგრძობთ კომუნიკაციას საზოგადოებასთან ავტოსაშუალებების ტექნიკური გამართვის უზრუნველსაყოფად, რომ შევიმუშაოთ გეგმა ამ პრობლემის რაც შეიძლება მოკლე ვადაში გადასაჭრელად, იმის გათვალისწინებით, რომ აქ მთავარი ამოსავალი წერტილი არის ყველა ჩვენგანის კონსტიტუციური უფლება ცხოვრობდეს ჯანსაღ გარემოში.

მიღებულმა შედეგებმა დაადასტურა, რომ საწვავის ძირითადი იმპორტიორების მიერ შემოტანილი საწვავის ხარისხი აკმაყოფილებს ნორმებს და შეიძლება ითქვას, რომ ცალკეული კომპანიების საწვავი უფრომ მაღალი ხარისხისაა ვიდრე დადგენილი ნორმებით არის გათვალისწინებული,”- განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.

მისივე თქმით, პრობლემურია სტიქიური დაბინძურების ფაქტორიც, ამიტომ სხვადასხვა მონაკვეთებზე შესაძლოა ფოტოხაფანგების განთავსება მოხდეს, რაც შესაძლებელს გახდის დაბინძურების ფაქტების გამოვლენას.

Leave a Reply