საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 27 ნოემბრის საჯარო სხდომაზე იმსჯელა „ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის N33 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.
კერძოდ, განიხილა საკითხი სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ საკუთრებაში არსებული ჰიდროელექტროსადგურის – „ჩითახევიჰესისათვის“ ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის დადგენის შესახებ.
კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად „ჩითახევიჰესის“ ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი 3.933 თეთრი/კვტსთ-ით განისაზღვრა. ტარიფი ძალაშია კომისიის შესაბამისი დადგენილების გამოქვეყნებისთანავე და მოქმედებს 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
„ჩითახევიჰესისათვის“ ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის დადგენის თაობაზე, სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, კომისიაში საჯარო ადმინისტრაციული წარმოება 2015 წლის 20 აგვისტოს დაიწყო. დაინტერესებული პირების მიერ კომისიაში წინადადებების წარმოდგენის ბოლო ვადად – 2015 წლის 22 სექტემბერი, ხოლო კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების ბოლო ვადად-2015 წლის 30 ნოემბერი განისაზღვრა.
27 ნოემბრის საჯარო სხდომაზე ცვლილებები შევიდა კომისიის 2015 წლის 24 ივლისის N39/7 გადაწყვეტილებაში, რომელიც შეეხება სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ მიერ 2014 წელს განხორციელებულ ზოგიერთ საინვესტიციო პროექტზე ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების შესახებ საექსპერტო დასკვნების წარმოდგენას. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში საექსპერტო დასკვნების წარმოდგენის ბოლო ვადად 2016 წლის 31 მარტი განისაზღვრა.