„ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი” (ესკო) ივნისის თვის 26 რიცხვის ჩათვლით ელექტროენერგიის ოპერატიული ბალანსის შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს.
ესკოს მონაცემების თანახმად, ივნისის თვის 26 რიცხვის ჩათვლით საქართველოდან ექსპორტზე გავიდა 294,25 მლნ კვტსთ ელექტროენერგია (47,47 მლნ კვტსთ სომხეთში და 246,78 მლნ კვტსთ თურქეთში), რაც თვიურად ექსპორტზე გატანილი ელექტროენერგიის მოცულობისთვის რეკორდულია 1992 წლიდან დღემდე პერიოდისთვის.
ივნისის 26 დღეში ექსპორტზე გატანილი ელeქტროენერგიის მოცულობა ~15 მლნ კვტსთ-ით აღემატება 2010 წლის ივლისის (278,84 მლნ კვტსთ) და 2011 წლის ივნისის მაჩვენებლებს (279,52 მლნ კვტსთ).
სულ მიმდინარე წლის ივნისის 26 რიცხვის ჩათვლით საქართველოდან ექსპორტზე გატანილია 566,4 მლნ კვტსთ ელექტროენერგია , რაც შარშან 6 თვეში ექსპორტზე გატანილი ელექტროენერგიის მოცულობას 67%-ით აღემატება, შარშან წლის განმავლობაში ექსპორტზე გატანილი ელექტროენერგიის მოცულობას კი 45%-ით.
საქართველოდან ექსპორტზე წლის განმავლობაში გატანილი ელექტროენერგიის მაქსიმუმი 1991 წელს დაფიქსირდა – 1 მილიარდ 596 მილიონი კვტსთ („აიპრესმა” ინტერნეტსივრცეში ვერ მოიძია 1991 წელს თვიურად ექსპორტზე გატანილი ელექტროენერგიის შესახებ მონაცემები და შესაძლოა, მიმდინარე წელს ექსპორტზე გატანილი ელქტროენერგია ამ წლის თვიურ მაქსიმუმსაც აღემატება). ამ წლიდან მოყოლებული ელექტროენერგიის ექსპორტის მოცულობამ ერთადერთხელ, 2010 წელს გადააჭარბა მილიარდს კვტსთ-ს (2010 წელი – 1 მილიარდ 524 მილიონი კვტსთ). ამ წელს ექსპორტზე გატანილი ელექტროენერგიის წილმა მთლიან 15,2% შეადგინა. შარშან ეს მაჩვენებელი 3,1% იყო.
წყარო: ipress.ge