ევროკავშირის ლიდერები რუსული გაზის გარეშე ცხოვრების პერსპექტივას განიხილავენ

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა 24 ივნისის შეხვედრაზე რუსული ბუნებრივი აირის გარეშე ცხოვრების პერსპექტივები უნდა განიხილონ და მოსკოვი „იარაღის მიზნით ენერგიის გამოყენებაში“ დაადანაშაულონ. ამის შესახებ Reuters  იუწყება.

კერძოდ, რუსეთმა უკვე შეამცირა ბუნებრივი აირის მიწოდება ევროპაში, რითაც ყველაზე მეტად გერმანია ზარალდება, რადგანაც ამ ქვეყნის ეკონომიკა მნიშვნელოვნად იყო დამოკიდებული რუსულ ბუნებრივ აირზე.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ გერმანიის მრეწველობის გარკვეული სფეროები გაზის მიწოდების შემცირების გამო ზამთარში შეიძლება უბრალოდ გაჩერდეს.

„ჩვენ კარგად გვესმის, რომ რუსული გაზის მოწოდების შემცირება მხოლოდ დასაწყისია და დროის ამბავია, როდის გადაკეტავენ რუსები გაზის მოწოდებას სრულად“, – განუცხადა ევროკავშირის წარმომადგენელმა სააგენტო Reuters-ს. 

ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შემდეგ რუსეთმა ევროკავშირს ბუნებრივი აირის მიწოდება მნიშვნელოვნად შეუმცირა. ამის გამო ევროპული ქვეყნები საცავების შევსებას ვერ ახერხებენ და სასწრაფოდ ალტერნატიულ წყაროებს ეძებენ.

ევროს ზონაში ამ ვალუტის ინფლაციამ რეკორდულ დონეს –  8%-ს მიაღწია. რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდას, ის წელს მხოლოდ 2,7% იქნება.

ამასთანავე, ექსპერტების ნაწილი ვარაუდობს, რომ რუსეთის ყველა მცდელობის მიუხედავად, ის ევროპაში სერიოზული კრიზისის გამოწვევას ვერ შეძლებს და გაზის მიწოდების შემცირებას და შემდეგ გათიშვას ევროპაში ენერგიის ალტერნატიული წყაროების, მათ შორის მზის, ქარის, წყალბადის ტექნოლოგიების განვითარება, ასევე ატომური ელექტროსადგურების ნაწილის აღდგენა მოჰყვება. რაც შეეხება რუსულ კომპანია „გაზპრომს“, რომელიც ევროპაში გაზის მიწოდების მონოპოლისტია, ევროპის მიერ რუსულ გაზზე უარი ამ კომპანიის ელემენტარულ გაკოტრებას გამოიწვევს.

 

Leave a Reply