აზერბაიჯანი სთავაზობს რეგიონის ქვეყნებს, ისარგებლონ ინფრასტრუქტურით გაზის ტრანსპორტირებისთვის – ამის შესახებ აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა, ნატიგ ალიევმა თეირანში გამართულ გაზის ექსპორტიორი ქვეყნების სამიტზე განაცხადა.
მისი თქმით, აზერბაიჯანი უკვე 20 წელია ეფექტურად თანამშრომლობს მეზობელ ქვეყნებთან ბუნებრივი გაზის სექტორში და მომავალშიც გააგრძელებს პარტნიორობას.
აზერბაიჯანის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეგიონში არსებული ქვეყნებისთის გაზის ექსპორტი შეიძლება იყოს მომგებიანი ტრანს_ანატოლიის (TANAP) გაზსადენის მეშვეობით.
TANAP-ის პროექტი ითვალისწინებს აზერბაიჯანული გაზის ტრანსპორტირებას საქართველო-თურქეთის საზღვრიდან დასავლეთ თურქეთის საზღვრამდე. პროექტის საწყისი გამტარუნაიანობა, სავარაუდოდ, მიაღწევს 16 მლრდ კუბ.მ გაზს/წელიწადში. აქედან დაახლოებით 6 მლრდ კუბ.მ დარჩება თურქეთში, ხოლო დანარჩენი მოცულობის ტრანსპორტირება მოხდება ევროპის ბაზარზე.
თურქეთი გაზს მიიღებს 2018 წელს, ხოლო ტრანს_ადრიატიკული მილსადენის (TAP) მშენებლობის დასრულების შემდეგ, 2020 წლის დასაწყისში გაზი მოხვდება ევროპის ბაზარზე.
ცნობისთვის, TANAP-ისა და TAP-ის გაზსადენები არის სამხრეთის გაზის დერეფნის პროექტის ნაწილი, რომლის ფარგლებშიც საქართველოში დიდი მოცულობითი სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი ითვალისწინებს აზერბაიჯანული გაზის მიწოდებას საქართველო-თურქეთის გავლით ევროპის ბაზარზე.
შეგახსენებთ, რომ შაჰ-დენიზის პროექტის მეორე ფაზის ფარგლებში საქართველოში 2 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.
პროექტი მშენებლობის ეტაპზე 2000, ხოლო დასრულების შემდეგ 130 სამუშაო ადგილს შექმნის. შედეგად 2019 წლიდან საქართველო მიიღებს ბუნებრივი აირის დამატებით მოცულობებს შეღავათიან ფასად.
“ენერგოპლატფორმა”