ევროპამ სამხრეთ აფრიკიდან ნახევარ წელიწადში უფრო მეტი ნახშირი შეისყიდა, ვიდრე გასულ წელს მთლიანად

ევროპის ქვეყნებმა მიმდინარე წლის ხუთი თვის განმავლობაში, მთელ გასულ წელთან შედარებით, სამხრეთ აფრიკიდან 40%-ით მეტი ქვანახშირი შეიტანეს, რადგან, Reuters-ის შეფასებით, ევროპა რუსული ქვანახშირის ალტერნატივას ეძებს.

მიმდინარე წლის მაისის ბოლოსთვის სამხრეთ აფრიკის რიჩარდს ბეის ქვანახშირის ტერმინალმა (RBCT) ევროპის ქვეყნებს 3 240 752 ტონა ქვანახშირი მიაწოდა, რაც RBCT-ის მთლიანი ექსპორტის 15%-ს შეადგენს, მაშინ, როცა მთელი 2021 წლისთვის 2,32 მლნ ტონა, ანუ მთლიანი ექსპორტის მხოლოდ 4% იქნა მიწოდებული.

2022 წელს RBCT-ს ქვანახშირი ნიდერლანდებმა, იტალიამ, საფრანგეთმა, ესპანეთმა, დანიამ, პოლონეთმა, გერმანიამ და უკრაინამ შეუკვეთა. ზოგიერთმა ქვეყანამ RBCT-ისგან იმპორტი მხოლოდ 24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დაიწყო.

მაგალითად, ნიდერლანდები იანვარ-თებერვალში RBCT-ისგან ქვანახშირს არ ყიდულობდა, თუმცა მარტში, აპრილსა და მაისში ქვეყანამ, მოცულობის ყოველთვიური ზრდით, 1,27 მლნ ტონა ქვანახშირი შეიტანა. ნიდერლანდები სამხრეთაფრიკული ქვანახშირის მეოთხე უდიდესი იმპორტიორი გახდა, რომლის წილმაც მთლიანი მოცულობის 5,76% შეადგინა.

RBCT-ისგან ნახშირის იმპორტი, თითქმის, შვიდჯერ გაზარდა საფრანგეთმაც. რაც შეეხება ესპანეთს, პოლონეთსა და გერმანიას, თუკი გასულ წელს ეს ქვეყნები სამხრეთ აფრიკის ტერმინალისგან ქვანახშირს საერთოდ არ ყიდულობდნენ, მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში ესპანეთმა 355 250 ტონა, პოლონეთმა 181 515 ტონა, გერმანიამ კი 157 383 ტონა ქვანახშირი შეიძინა.

იაპონიამ, რომელმაც, ასევე, დააანონსა, რომ რუსული ქვანახშირის მიღებას ეტაპობრივად შეწყვეეტს, სამხრეთ აფრიკისგან, წინა წელთან შედარებით, ორჯერ მეტი ქვანახშირი იყიდა.

აპრილში რუსული ქვანახშირის ექსპორტი 20%-ზე მეტად, ხოლო წლის დასაწყისიდან 9%-ით შემცირდა.

ევროკავშირის სანქციების მეხუთე პაკეტის ფარგლებში, რუსული ქვანახშირის იმპორტზე ემბარგო 1 აგვისტოდან შედის ძალაში. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დაწყებამდე, ფედერაციიდან ევროკავშირის ქვანახშირის იმპორტის წლიური მოცულობა 8 მლრდ ევროს შეადგენდა.

წყარო: bpn.ge

Leave a Reply