მნიშვნელოვნად გაიზარდა ჩინეთში რუსეთის ნავთობის იმპორტი

რუსეთიდან ჩინეთში ნედლი ნავთობის იმპორტი 55%-ით გაიზარდა გასულ წელთან შედარებით. მან სარეკორდო მაჩვენებელს მიაღწია მაისში. ამის შესახებ Reuters-ი წერს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საბაჟო სამმართველოს მონაცემებზე დაყრდნობით.

მიმდინარე წლის მაისში ჩინეთში რუსეთიდან ნავთობის იმპორტმა თითქმის 8,42 მილიონი ტონა შეადგინა, რაც ეკვივალენტურია დღე-ღამეში დაახლოებით 1,98 მილიონი ბარელისა. ეს 25%-ით მეტია აპრილის მაჩვენებელთან შედარებით.

რუსეთმა პირველი ადგილი დაიკავა ჩინეთში ნავთობის ექსპორტიორთა შორის, საუდის არაბეთი კი მეორე ადგი ზე გადავიდა. როგორც Reuters-ი იტყობინება, ეს მონაცემები მიუთითებს, რომ რუსეთს შეუძლია მყიდველების პოვნა მიუხედავად საერთაშორისო სანქციებისა, თუმცა მას ფასის დაწევა მოუხდა.

ადრე ცნობილი გახდა, რომ მაისის ბოლოს და ივნისის დასაწყისში ინდოეთმა რუსეთში ქვანახშირისა და ნავთობის შესყიდვა მკვეთრად გაზარდა აშშ-ისა და ევროკავშირის გადაწყვეტილების ფონზე, ემბარგო დაეწესებინათ რუსეთიდან ამ ენერგომატარებლების იმპორტზე. რუსეთის წინააღმდეგ ეს ზომები შემოიღეს უკრაინაში მისი შეჭრის გამო. როგორც მოვაჭრეები აცხადებენ, რუსეთის ენერგომატარებლები იყიდება მნიშვნელოვანი ფასდაკლებით, რაც 30%-ს აღწევს ხოლმე.

წყარო: radiotavisupleba.ge

Leave a Reply