ნოვაკი: წლის ბოლოსთვის ნავთობის ფასმა შესაძლოა 150 დოლარს გადააჭარბოს

2022 წლის ბოლოსთვის ნავთობის ფასმა შესაძლოა 150 დოლარს გადააჭარბოს ბარელზე, რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერის ალექსანდრ ნოვაკის სანკტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას გაკეთებულ განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”.

„პრინციპში არ გამოვრიცხავ, რომ წლის ბოლოსთვის ნავთობის ფასი იყოს 150 დოლარი ბარელზე და, შესაძლოა, უფრო მეტიც კი. ეს ყველაფერი დამოკიდებულია ლოგისტიკაზე, რომელიც ჩამოყალიბდება ევროპაში“, – განაცხადა ნოვაკმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ენერგორესურსებზე მაღალი ფასების წყალობით, რუსეთს შეუძლია ზარალის კომპენსირება ნავთობის შემცირებული მიწოდებისგან და რუსული ნავთობის ფასდაკლებით გაყიდვისგან.

ვიცე-პრემიერის თქმით, არსებობს „გარკვეული სირთულეები, რომლებიც დაკავშირებულია პარტნიორების მხრიდან ნავთობზე გადახდებთან, ამიტომ რუსული ნავთობკომპანიები „აქტიურად აღწევენ შეთანხმებებს, ახალ დონეებს – ეროვნული ვალუტის წყვილებს“.

რუსეთში ნავთობის მოპოვების საშუალო ოდენობა ნოვაკმა შეაფასა წელიწადში 500 მილიონი ტონის ოდენობით, მაგრამ აღნიშნა, რომ ეს შეფასება შეიძლება შეიცვალოს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსოფლიოში “ძლიერდება კონკურენცია არსებულ ენერგორესურსებზე”, რადგან “არ არსებობს თავისუფალი სანავთობო სიმძლავრეები”, ისინი შეადგენს “მხოლოდ რამდენიმე მილიონ ბარელს”.

ნოვაკმა არ გამორიცხა, რომ ნავთობზე მსოფლიო მოთხოვნილება მიმდინარე წელს გავა პანდემიამდე არსებულ დონეზე, ხოლო მომდევნო წლებში კიდევ 4-5 მილიონი ბარელით/დღეში გაიზრდება, რისთვისაც საჭიროა მოპოვების დამატებითი სიმძლავრეების მოძიება.

Leave a Reply