ელექტროენერგიაზე მზარდი მოთხოვნის გათვალისწინებით, დღითიდღე იზრდება დამატებითი სიმძლავრეების შექმნის აუცილებლობა

ელექტროენერგიაზე მზარდი მოთხოვნა, დამატებითი სიმძლავრეების შექმნისკენ გვიბიძგებს

“ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, საქართველოში “თანაინვესტირების ფონდი” შეიქმნა. ფონდის მთავარი მიზანი ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვა და მასშტაბური პროექტების განხორციელებაა.

დაარსებისთანავე ფონდში გაერთიანდნენ მსხვილი ინვესტორები. ფონდის დაარსებიდან 2 წელი გავიდა და ამ ეტაპზე ფონდის საინვესტიციო პორტფელში შემავალი პროექტების ჯამური საინვესტიციო მოცულობა 2 მლრდ ამერიკულ დოლარს უტოლდება. პროექტების უმრავლესობა 2017 წლის ბოლომდე დასრულდება.

რა პროექტებს ახორციელებს თანაინვესტირების ფონდი ამ ეტაპზე, რამდენად მნიშვნელოვანია მათი არსებობა ქვეყნისთვის და რა გეგმები აქვთ სამომავლოდ ფონდში, ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, გაზეთ “ბანკები და ფინანსებს” თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი ბაჩიაშვილი ესაუბრა.

საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება ენერგეტიკის სექტორია და ამ კუთხით საკმაოდ დიდ ინვესტიციებს ახორციელებთ. რა არის ფონდის სამომავლო გეგმები ენერგოსექტორში ინვესტირებასთან დაკავშირებით და განიხილება თუ არა რაიმე კონკრეტული პროექტი, რომლის დაწყებასაც უახლოეს მომავალში უნდა ველოდოთ?

საქართველოს თანაინვესტირების ფონდი ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში. დაარსებიდან 2 წლის თავზე ფონდის საინვესტიციო პორტფელში შემავალი პროექტების ჯამური საინვესტიციო მოცულობა 2 მლრდ ამერიკულ დოლარს უტოლდება. ვახორციელებთ მასშტაბურ პროექტებს ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმისა და უძრავის ქონების და წარმოების სექტორებში.

მოგეხსენებათ, საქართველო ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქვეყანაა ჰიდრორესურსებით და ამ რესურსების დიდი ნაწილი ჯერ კიდევ აუთვისებელია. რეგიონში ელექტროენერგიაზე მზარდი მოთხოვნის გათვალისწინებით, დღითიდღე იზრდება დამატებითი სიმძლავრეების შექმნის აუცილებლობა.

აღნიშნული გარემოებები საქართველოში ჰიდროენერგეტიკის მიმართულებას განსაკუთრებით მიმზიდველს ხდის ინვესტორთათვის. შესაბამისად, საქართველოს თანაინვესტირების ფონდი აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით ინვესტიციების განხორციელებაზე.  ამჟამად ენერგეტიკის სექტორში გვაქვს სამი მიმდინარე საინვესტიციო პროექტი. ესენია, – ,,მტკვარი ჰესი”, ,,ონის ჰესების კასკადი” და ,,ცხენისწყლის ჰესების კასკადი”. აღსანიშნავია, რომ მათი ჯამური წლიური გამომუშავება საქართველოში დღეს არსებული ჰესების გამომუშავების 34%-ს შეადგენს.

,,მტკვარი ჰესის” პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 113 მლნ ამერიკულ დოლარს შეადგენს. იგი ახალციხის მუნიციპალიტეტში, მდინარე მტკვარზე ხორციელდება. მისი ჯამური დადგმული სიმძლავრე 53 მგვტ-ია, ხოლო ელექტროენერგიის საშუალო წლიური გამომუშავება 255 მლნ. კვტ. სთ. ამჟამად მიმდინარეობს წინასამშენებლო მოსამზადებელი სამუშაოები. პროექტის დასრულება 2018 წელს იგეგმება.

,,ონის ჰესების კასკადის” პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 330 მლნ ამერიკული დოლარია. პროექტი ხორციელდება რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარეში, ონის მუნიციპალიტეტში, მდინარე რიონზე. მისი ჯამური დადგმული სიმძლავრე 177.2 მგვტ-ია, ხოლო ელ. ენერგიის საშუალო წლიური გამომუშავება 789 მლნ კვტ.სთ. პროექტის თანაინვესტორი კომპანიები არიან მრავალწლიანი გამოცდილების მქონე წარმატებული ქართული სამშენებლო კომპანია ,,ფერი” და მსოფლიოში ცნობილი ამერიკული კომპანია ,,Robbins”, რომელიც აწარმოებს მანქანა-დანადგარებს კომპლექსური მიწისქვეშა სამშენებლო სამუშაოებისთვის. პროექტის დასრულება 2021 წელს იგეგმება.

,,ცხენისწყლის ჰესების კასკადი” საქართველოს თანაინვესტირების ფონდის მიმდინარე პროექტებს შორის ყველაზე მასშტაბურია. მისი ჯამური საინვესტიციო მოცულობა 723 მლნ ამერიკულ დოლარს შეადგენს. პროექტი რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარეში, ლენტეხის და ცაგერის მუნიციპალიტეტებში, მდინარე ცხენისწყალზე აშენდება. მისი განხორციელებით ქვეყანას 347.1 მგვტ დადგმული სიმძლავრე შეემატება.

კასკადის მიერ გამომუშავებული ელ. ენერგიის საშუალო წლიური დაგეგმილი მაჩვენებელი 1743.7 მლნ კვტ.სთ.-ს უტოლდება. ამ მაჩვენებლით, ცხენისწყლის ჰესების კასკადი ყველაზე მძლავრია ენგურჰესის და ხუდონჰესის შემდეგ საქართველოში. პროექტის დასრულება 2021 წელს იგეგმება. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მისი ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა, რომელსაც წამყვანი ევროპული საინჟინრო კომპანიები Vernks და Landsvikjun Power ახორციელებენ. მათი ჩართულობით, პროექტი მაქსიმალურად დაიხვეწება და საერთაშორისო სტანდარტებს მოერგება, პარალელურად, განხორციელდება გარემოზე ზემოქმედების დეტალური შესწავლა.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ენერგეტიკის მიმართულებით, ვაპირებთ დამატებითი ინვესტიციების განხორციელებას. განვიხილავთ რამდენიმე საინვესტიციო პროექტს ამ სექტორში, რომლებიც უახლოეს მომავალში საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება.

ზემოაღნიშნული ჰესების მშენებლობის სხვადასხვა ეტაპზე განვითარდება მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები, განხორციელდება სოციალური პროგრამები, დასაქმდება ათასობით ადამიანი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საგრძნობლად გაიზრდება ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა.

წყარო: გაზეთი “ბანკები და ფინანსები”

Leave a Reply