ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძემ საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის ახალი დირექტორი ჯაბა ხმალაძე თანამშრომლებს წარუდგინა, – ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა ახალი დირექტორის პროფესიონალიზმს, გამოცდილებასა და გუნდური მუშაობის უნარს.
„მისი თქმით, ჯაბა ხმალაძე წარმატებით შეძლებს, გაართვას თავი ისეთი მნიშვნელოვანი ორგანიზაციის ხელმძღვანელობას, როგორიცაა ენერგეტიკის განვითარების ფონდი.
წარდგენისას დასახელდა ფონდის მიერ განხორციელებული და მიმდინარე პროექტები, რომელთა მიზანსაც საქართველოს ენერგეტიკის განვითარება, მათ შორის, პრიორიტეტულ ენერგეტიკულ პროექტებში ინვესტიციების მოზიდვა წარმოადგენს.
შეხვედრას ასევე დაესწრო ენერგეტიკის განვითარების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ჩიქოვანი, რომელიც ამჟამად ნავთობისა და გაზის კორპორაციის დირექტორის თანამდებობაზეა“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.