კიევი ვაშინგტონს უკრაინისთვის გაზის მიწოდებას Lend-Lease-ის მეშვეობით სთავაზობს

უკრაინა განიხილავს ვაშინგტონთან შეთანხმების ვარიანტს Lend-Lease-ის ფარგლებში ამერიკული თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდებაზე. ამის შესახებ ამერიკული ჟურნალი Foreign Policy წერს.

„უკრაინის ენერგეტიკის აღმასრულებლები ვაშინგტონს და სხვა დასავლეთის დედაქალაქებს სთავაზობენ უამრავ პოტენციურ გადაწყვეტილებებს მომავალი ზამთრისთვის მიწოდების უზრუნველსაყოფად და შიდა წარმოების გაზრდის მიზნით.

ეს მოიცავს ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის მთავარი ექსპორტიორებისგან ბუნებრივი აირის შესაძენად საერთაშორისო დაფინანსების უზრუნველყოფას, ალტერნატიული მიწოდების მარშრუტების შემუშავებას და შესაძლო შეთანხმებას ვაშინგტონთან აშშ-ის LNG-ის იმპორტის შესახებ Lend-Lease-ით”, – წერს გამოცემა.

გამოცემის ინფორმაციით, უკრაინული “ნაფტოგაზის” აღმასრულებელმა დირექტორმა, იური ვიტრენკომ, გასულ კვირას, ვაშინგტონში განაცხადა, რომ ზამთრის დადგომამდე უკრაინას სჭირდება 8 მილიარდი დოლარი 6 მილიარდი კუბური მეტრი გაზის იმპორტისთვის.

„აშშ-ს აქვს ძალიან მკაფიო მანდატი, გაუწიოს უკრაინას საჭირო დახმარება. ჩვენ გვსურს მისი სტრუქტურირება გონივრულად, ისე, რომ არ იყოს ტვირთი ამერიკელი გადასახადების გადამხდელებზე“, – ციტირებს ვიტრენკოს Foreign Policy.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტი ბაიდენმა კონგრესის მიერ მიღებულ, უკრაინისთვის განკუთვნილ ლენდ-ლიზის აქტს ხელი მოაწერა.

„უკრაინის დემკრატიის დაცვის ლენდ-ლიზის აქტს“, წარმომადგენელთა პალატამ მხარი 28 აპრილს დაუჭირა.

ლენდ ლიზის აქტი, შეერთებული შტატების კონგრესმა პირველად 1941 წელს დაამტკიცა და ხელი პრეზიდენტმა რუზველტმა მოაწერა. აქტმა პრეზიდენტ რუზველტს საშუალება მისცა, ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართული ქვეყნებისთვის დახმარება რთული ბიუროკრატიული ბარიერების გარეშე მიეწოდებინა.

ლენდ-ლიზის ფარგლებში, მეორე მსოფლიო ომის მსვლელობისას, შეერთებულმა შტატებმა 50 მილიარდი დოლარის ღირებულების დახმარება გასცა, რომელმაც ყველა შესაძლო ფორმა მიიღო – მათ შორის იყო სამხედრო ტექნიკა, თვითმფრინავები, გემები, ტანკები, მცირე ზომის შეიარაღება, მოწყობილობები გზების მშენებლობისა და საჰაერო ხაზების გამართვისთვის, სამრეწველო ქიმიკატები და საკომუნიკაციო აღჭურვილობა. გზავნილებში ასევე შედიოდა ტანსაცმელი და საკვები პროდუქტები. გარდა ამისა, ქვეყნებმა ასევე მიიღეს ნედლეული, მათ შორის მატყლი და ტყავი, უნიფორმებისთვის.

წყარო: bfm.ge

Leave a Reply