ნავთობის ტანკერებზე დამკვირვებელი კომპანიების შეფასებით, აზიის ბაზრებზე რუსეთთან კონკურენციის გამო, განახევრდა ირანის ნავთობის და გაზის ექსპორტი – მაშინ, როცა დასავლეთის ქვეყნების უმეტესობა ცდილობს, თავი აარიდოს მოსკოვს, უკრაინაში მისი არაპროვოცირებული შეჭრისთვის.
მონაცემების კომპანია Kepler-მა, რომელიც ტანკერთა გადაადგილებასაც აკვირდება, რადიო თავისუფლების ირანულ სამსახურს 13 ივნისს უთხრა, რომ წინასწარი მაჩვენებლებით, ირანის ნედლი ნავთობის და თხიერი გაზის დატვირთვამ მაისში შეადგინა დღეში დაახლოებით 400,000 ბარელი, მაშინ, როცა აპრილში ეს მონაცემი 820,000 ბარელი იყო, მარტში კი – 908,000 ბარელი.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, რუსეთის ნავთობს დასავლეთის ქვეყნებმა სანქციები დაუწესეს. ტრადიციული პარტნიორებისგან მოთხოვნის ვარდნის საკომპენსაციოდ, მოსკოვი შეეცადა ექსპორტის გაზრდას აზიის ბაზრებზე – იქ მან ნედლი ნავთობის ფასად დააწესა ბარელზე დაახლოებით 30 დოლარი, რაც 10 დოლარით აჭარბებს ირანის მხრიდან შემცირებულ ფასს მისი აზიელი მყიდველი ქვეყნებისთვის, განსაკუთრებით ჩინეთისთვის – იუწყება სააგენტო როიტერსი.
ასეთ ფონზე, ირანის ნავთობის ექსპორტი შემცირდა, იქ დაახლოებით 40 მილიონი ბარელით დატვირთული ტანკერები მყიდველს ელოდება.
წყარო: radiotavisupleba.ge