საბერძნეთ-ბულგარეთის (IGB), დამაკავშირებელი გაზის ინტერკონექტორის გაშვების თარიღი ცნობილია. ინტერკონექტორის მეშვეობით აზერბაიჯანული გაზის ტრანსპორტირება ბულგარეთში 2022 წლის ივლისში განხორციელდება. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ამის შესახებ ბრიფინგზე ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა კირილ პეტკოვმა განაცხადა.
„ჩვენი შემდგომი გამარჯვება იქნება საბერძნეთთან გაზსადენის გახსნა, რომლითაც აზერბაიჯანიდან ბუნებრივ აირს მივიღებთ. მიმდინარე კვირას ვიყავი ბაქოში, რათა განგვესაზღვრა მიწოდების მოცულობა. ჩვენ გვექნება 1 მილიარდი კუბური მეტრი გაზი, რომელსაც მალე მივიღებთ. ველით, რომ ეს ივლისში მოხდება. აგვისტოდან კი ბულგარეთი გაზს საბაზრო ფასზე უფრო იაფად მიიღებს“, – განაცხადა პეტკოვმა.
მისი თქმით, IGB უზრუნველყოფს გაზის ტრანსპორტირებას და მიწოდებას ახალი წყაროებიდან, რაც მას ბულგარეთის ენერგეტიკული უსაფრთხოების ძირითად ელემენტად და გაზის წყაროების დივერსიფიკაციის ეროვნული გეგმის ნაწილად აქცევს. გაზსადენის სატუმბი სიმძლავრე იქნება სამი მილიარდი კუბური მეტრი, შესაძლებელი იქნება გამტარუნარიანობის ხუთ მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდა. ინტერკონექტორის გამტარუნარიანობის ნახევარი უკვე დაცულია. ბულგარგაზთან გრძელვადიანი კონტრაქტის საფუძველზე შაჰ-დენიზ-2-თან მილიარდი კუბური მეტრი გაზის მიწოდების ხელშეკრულება გაფორმდა.