ებრაული კომპანია ქართული ტყეების გადარჩენას გეგმავს

ებრაული კომპანია ქართული ტყეების გადარჩენას გეგმავს

კომპანია J GROUP Global (JGG) – ის ინიციატივით, საქართველოს საპატრიარქოსა და   გარემოს დაცვის სამინისტროს ორგანიზებით,  ისრაელის საერთაშორისო  კომპანია J GROUP Global (JGG) საქართველოს ტყეების გადასარჩენად უპრეცენდენტო მასშტაბის პროექტს  იწყებს.  პროექტის ფარგლებში  ასევე დაგეგმილია ქართული ტყეების მსოფლიო ბრენდად ქცევა.

აღნიშნული პროექტის შესახებ „ვექტორს“ J GROUP Global-ის კვლევისა და განვითარების ექსპერტი, თელავივის უნივერსიტეტის მეცნიერებათა კანდიდატი ალექსანდრე ზოგასი ესაუბრა.

ალექს ზოგასის განცხადებით, საქართველოს ტყეები ბიომრავალფეროვნების ცხელ წერტილს  წარმოადგენს, რომელსაც მსოფლიო მნიშვნელობა აქვს.

მისივე თქმით, პროექტში ისრაელის და საქართველოს  უნივერსიტეტების მეცნიერები და სტუდენტები ჩაერთვებიან. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, მოხდება კლიმატის, ქართული ნიადაგების და ხის ჯიშების მეცნიერული შესწავლა, შემდეგ კი ახალი ტყეების განაშენიანების  პროექტი შეიქმნება.

როგორც ებრაელი ექსპერტი აღნიშნავს, სატყეო მეურნეობის არარაციონალურi მეთოდების გამოყენებამ, ტერიტორიის საძოვრად უკონტროლო მოხმარებამ, ტყის არალეგალურმა ჭრამ, ასევე ხანძრებმა, ტყის დასნებოვნება გამოიწვია და  საქართველოს სატყეო ეკოსისტემისა და ტყეების დეგრადაციის საფრთხე შექმნა.

„ქართული ტყეების გადასარჩენად პროექტის ფარგლებში საერთაშორისო სამუშაო ჯგუფი  შეიქმნება, რომლის მთავარი ამოცანაც მეცნიერულ კვლევებზე დაფუძნებით, საქართველოს ტყეების აღდგენისა და შენარჩუნებისათვის მექანიზმის შემუშავება იქნება. ამის შემდგომ უკვე შემუშავებული პროგრამის საფუძველზე პრაქტიკული სამუშაოს განხორციელება დაიწყება ტყეებისა და ტყის ეკოსისტემების აღდგენის მიმართულებით. პროექტი ასევე ითვალისწინებს ტყეების უსაფრთხოების სისტემებით აღჭურვას. ქართულ ტყეს თავისი უნიკალურობიდან გამომდინარე რეალური პერსპექტივა აქვს, მსოფლიო ბრენდად იქცეს.   კავკასიის ტერიტორია ერთ-ერთია 34 ეკოლოგიური სისტემიდან, რომელსაც გლობალურად მნიშვნელოვანი ბიო მრავალფეროვნება და ძალიან მაღალი დონის ენდემური ფლორა აქვს.   კავკასიის ეკოლოგიურ სისტემას სრული გაქრობა ემუქრება. ეს ნიშნავს იმას, რომ აქ არსებული ფლორისა და ფაუნის სახეობის უმრავლესობა გადაშენების ზღვარზეა. დამცავი საფარის დაკარგვა აშიშვლებს  ნიადაგს, წყლის და ქარის ეროზიისთვის, რის შედეგადაც  ნიადაგში ტენიანობა იკლებს, ეს ყველაფერი სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის ვარდნას იწვევს. ეროზიის სიჩქარის გაზრდას მდინარის კალაპოტებსა  და რეზერვუარებში დალექვის დაგროვებასთან მივყავართ, რაც სარწყავი სისტემებისა და ჰიდროელექტროსადგურების ეფექტურობის ვარდნას იწვევს“, – განმარტავს ებარელი ექსპერტი.

მისივე ცნობით, J GROUP Global-მა თუქრმენეთში ტყე 10 000 ჰექტარზე უდაბნოში გააშენა და მსგავსი ტიპის პროექტები კიდევ რამდენიმე ქვეყნის კლიმატურ ზონაში აქვს განხორციელებული.

„დიდი ხანია ამ სფეროში ვმუშაობთ. სხვა სახელმწიფოებში ჩვენს მიერ განხორციელებული პროექტების დროს დარგული ხეების  90%-მა გაიხარა. საქართველოში ტყეები კი გაქვთ, მაგრამ მის შესანარჩუნებლად თუ არაფერი გაკეთდა, დადგება მომენტი, როცა ამ ტყეებით ვერავინ ისარგებელებს. ჩვენი მიზანია ეს არ მოხდეს, მითუმეტეს, როცა ვხედავთ საქართველოს უზარმაზარ პოტენციალს ამ მიმართულებით. მნიშვნელოვანია მოსახლეობის დამოკიდებულების გადაფასება გარემოს დაცვასთან მიმართებაში. მხოლოდ თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა საკმარისი არ იქნება. სამოქალაქო განათლება და მოსახლეობის ჩართულობაც მნიშვნელოვანია. პროექტის ფარგლებში მოლაპარაკება მიდის ქართული უნივერსიტეტის შესაბამის ფაკულტეტებთან, რათა საზოგადოებაში გარემოს დაცვის შესაბამისი პოლიტიკა დაინერგოს. გარდა ამისა საჭიროა სკოლებში ბავშვებთან შესაბამისი სწავლებაც  დაიწყოს“, – განაცხადა ალექს ზოგასმა.

წყარო: veqtori.ge

Leave a Reply