Tesla-ს გაყიდვები პირველ კვარტალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 68%-ით 310 ათასამდე გაიზარდა, რაც კვარტალურ ჭრილში რეკორდულია და 2018 წლის ჯამურ გაყიდვებსაც აღემატება.
Tesla-ს გაყიდვებმა 0.5 მლნ-იან ზღვარს 2020 წელს მიაღწია, როდესაც კომპანიამ 499 ათასი ელექტრომობილის გაყიდვა შეძლო. 2021 წელს გაყიდვებმა 935 ათასს მიაღწია. 1 მლნ-აიანი ფსიქოლოგიური ნიშნული წელს პირველად გადაილახება.
Tesla-ს კაპიტალიზაცია ამჟამად $782 მლრდ-ს შეადგენს და ავტომწარმოებლებს შორის ლიდერის პოზიციას იკავებს, თუმცა რამდენიმე თვის წინ კომპანიის ღირებულება ცამეტნიშნა გამოსახულებით იწერებოდა.
$230 მლრდ-იანი ქონებით Tesla-ს დამფუძნებელი ილონ მასკი პლანეტის უმდიდრესი ადამიანის ტიტულს ინარჩუნებს, მაგრამ აქციების ფასების კლების შედეგად მან ნახევარ წელიწადზე მოკლე დროში $100 მლრდ დაკარგა.
მიუხედავად იმისა, რომ Tesla-ს გაყიდვები იზრდება, მისი წილი ელექტრომობილების ბაზარზე წლიდან წლამდე მცირდება. 2019 წლიდან 2021 წლამდე Tesla-ს წილი გაყიდულ ელექტრომობილებში 16.7%-დან 14.2%-მდე შემცირდა.
ელექტრომობილის ფასებმა ბოლო წლებში საგრძნობლად დაიწია და თითქმის გაუთანაბრდა იმავე კლასის შიდაწვისძრავიანი ავტომობილის ღირებულებას. ერთი დამუხტვით გარბენის მინიმალური მანძილის 100-120 კმ-დან 250-300 კმ-მდე გაიზარდა, ხშირ შემთხვევაში კი 450-500 კმ-მდეც, თუმცა დამუხტვის დრო ისევ ისეთი პრობლემაა, როგორც 10 წლის წინ. სწრაფდამტენიც კი, რომლის ხშირი გამოყენება დაუშვებელია ელექტრომობილის სრულად დამუხტვას 30 წთ-ს ანდომებს, ჩვეულებრივი დამტენი 6-8 საათს, ბევრი დაპირებისა და მცდელობის მიუხედავად უსაფრთხო სუპერსსრაფდამტენის სერიული წარმოება ჯერ არ დაწყებულა.
წყარო: “კომერსანტი”