ევროპა რუსული გაზის გარეშე მკაცრ ზამთარსაც კი გადაიტანს, თუ ევროპელები სახლებში ტემპერატურას ორი გრადუსით შეამცირებენ. ამის შესახებ ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) ხელმძღვანელმა, ფატიჰ ბიროლმა განცხადება ენერგოეფექტურობის კონფერენციაზე გააკეთა, რაც ორგანიზაციის Twitter-ზე გამოქვეყნდა.
მისი თქმით, IEA-მ გამოვთვალა, რომ თუ ევროპელი მომხმარებლები საკუთარ სახლებში ტემპერატურას მხოლოდ ორი გრადუსით შეამცირებენ, მაშინ, დაახლოებით, 20 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი დაიზოგება, რაც Nord Stream 1-ით მიწოდებული რუსული გაზის მოცულობის ტოლია.
IEA-ს ხელმძღვანელი ბუნებრივი აირის ბაზრის ვითარებით შეშფოთებულია, რადგან „მკაცრი და გრძელი ზამთრის შემთხვევაში, შესაძლოა, მეტად რთული დღეები დადგეს.“ მისი თქმით, შემაშფოთებელი, ასევე, ნავთობის ბაზრებზე არსებული მდგომარეობაა, რაც ზაფხულში განსაკუთრებით გართულდება, რადგან მოთხოვნა, როგორც წესი, ზაფხულში დიზელზე, ბენზინსა და თვითმფრინავის საწვავზე მეტად იზრდება.
ფატიჰ ბიროლი ამ შემთხვევაშიც პრაქტიკული წინადადებით გამოდის, რომ სიჩქარის ლიმიტი საათში 10 კილომეტრით შემცირდეს, რითიც დღეში, დაახლოებით, 500 000 ბარელი ნავთობი დაიზოგება. ეს, თითქმის, ნავთობის იმ მოცულობას უდრის, რა რაოდენობითაც OPEC+-ის ქვეყნები თვიური წარმოების გაზრდას გეგმავენ.
სიჩქარის შემცირებაზე ბიროლი ჯერ კიდევ მარტში, IEA-ს მიერ წარმოდგენილი გეგმის ფარგლებში საუბრობდა, რაც, ორგანიზაციის გათვლებით, ნავთობის დღიური მოხმარების, თითქმის, 3 მილიონი ბარელით შემცირებას შეუწყობს ხელს.
IEA-ს სხვა წინადადებები ელექტრომობილების დანერგვის დაჩქარებას, ადამიანების დისტანციურ სამუშაოზე გადაყვანას, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ღირებულების შემცირებას, ველოსიპედებითა და მონობორბლებით მგზავრობის სტიმულირებას მოიცავს. IEA ქვეყნებს, ასევე, ჩქაროსნული რკინიგზისა და Carpooling-ის განვითარებისკენ მოუწოდებს, რაც მანქანის გაზიარებით ერთზე მეტი ადამიანის მოგზაურობს გულისხმობს.
წყარო: bpn.ge