ქვეყნის მასშტაბით ბიზნესისთვის ბუნებრივი აირის გადასახადი იზრდება, თუმცა მოსალოდნელია სამომხმარებლო ტარიფის გაძვირებაც.
ბოლოდროინდელი მოვლენების გათვალისწინებით ქვეყანაში სიტუაცია ასე თუ ისე სტაბილურდება, თუმცა უკრაინის ომის ფონზე, ევროპაში ენერგორესურსები რეკორდულად გაძვირდა. ამიტომ მნიშვნელოვანია რა გავლენა ექნება ამას საქართველოზე და გაეზრდებათ თუ არა მოქალაქეებს დენის და გაზის გადასახადი?
2023 წლიდან გაზის ტარიფი ახლიდან უნდა გადაანგარიშდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ღირებულების ახალი ზღვარი დადგინდება. როგორც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას ამბობს, 2023 წლიდან გაზის სამომხმარებლო ტარიფის ზრდაა მოსალოდნელი.
„ბოლო წლებში იმპორტირებული ელექტროენერგიის ფასი გაიზარდა, თუმცა ამ ეტაპზე ტარიფზე ზეწოლა არ გვაქვს. უხვი ნალექების წყალობით, შარშან გამომუშავებამ მკვეთრად მოიმატა, რეაბილიტირდა ენგურჰესიც. ეს ტენდენცია გრძელდება, უხვნალექიანობის გამო წელსაც მეტი იაფი ელექტროენერგია გამოვიმუშავეთ. შესაბამისად, ამ ეტაპზე ზრდა მოსალოდნელი არაა.
რაც შეეხება გაზს, ბუნებრივი აირის მოქმედი ტარიფები დადგენილია 2022 წლის ბოლომდე, შემდეგ კი ახალი სამომხმარებლო ტარიფები განისაზღვრება. მოსაწოდებელი გაზის ფასის დიდწილად გაზრდას არ ველოდებით, თუმცა გარკვეული კომპონენტები ცვლილებას გამოიწვევს, მაგრამ ეს არ იქნება დიდი და ხელშესახები“, – განაცხადა ნარმანიამ.
2022 წლის 1-ლი ივლისიდან დედაქალაქსა და რეგიონებში გაზის ტარიფი არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის, ბიზნესისთვის იზრდება, რამაც შესაძლოა, მათი მხრიდან პროტესტი გამოიწვიოს, იმის გამო რომ სამომხმარებლო გაზზე ცვლილება ჯერ კიდევ არ განხორციელებულა, არადა ფაქტია, რომ ისედაც მძიმე სოციალურ პირობებში მოსახლეობისთვის მსგავსი გადაწყვეტილება კარგ შედეგს ვერ მოიტანს.
მიმდინარე მოვლენების პარარელურად, პროგნოზის გაკეთება უჭირს ენერგეტიკოსს, თემურ ჭიჭინაძეს. როგორც ის აღნიშნავს, დღესდღებობით ტარიფების ზრდის საჭიროება არ არსებობს, თუმცა რა იქნება მომავალში ახლა სათქმელია.
ქვეყანას აზერბაიჯანიდან სოციალური გაზი შემოაქვს, ამასთანავე მნიშვნელოვანია ის ფაქტორიც, რომ ევროპაში აზერბაიჯანის შემდეგ ყველაზე იაფი გაზი საქართველოშია. ამას ემატება ლარის კურსის რევალვაცია. ყველა ამ ფაქტორმა ტარიფების სტაბილურობა უნდა უზრუნველყოს.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრის გიორგი ფანგანის განცხადებით, წლის ბოლომდე მოქალაქეებისთვის გაზის ტარიფის გადახედვა არ იგეგმება და სემეკის მოლოდინით, მომავალი ერთი წლის განმავლობაში სამომხმარებლო გაზის ფასი სტაბილური იქნება.
„წლის ბოლომდე საყოფაცხოვრებო გაზის ტარიფის გადახედვა არ იგეგმება. დეკემბერში გეგმიურად მოხდება რევიზია, თუმცა გარკვეულ ცვლილებებს არ ველით, რადგან მეტწილად კარგი პროგნოზი გვაქვს – იმპორტირებული გაზის ფასი არ შეცვლილა. ჩვენ არ ვვარაუდობთ დამატებით ზრდას. მეტიც, ვფიქრობთ, მომავალი ერთი წელი ბუნებრივი აირის ტარიფებთან მიმართებით, ყველაზე სტაბილური იქნება. აქ უნდა გავითვალისწინოთ როგორ შეიცვლება ვალუტის კურსი, რადგან სრულად იმპორტირებულ პროდუქტზე ვართ დამოკიდებული და ვალუტის კურსზე ბევრ რამეს განსაზღვრავს“, – განაცხადა გიორგი ფანგანმა ბიზნესმედიასთან”.
ფაქტია, რომ არანაირი წინაპირობა არ არსებობს იმისათვის, რომ დენის ან გაზის ტარიფი გაიზარდოს, თუმცა აშკარაა, რომ არც იმის რეალური საფუძველია, რომ გადასახადი იგივე დარჩება. ენერგეტიკოსი, გია არაბიძე მიიჩნევს, რომ არავინ იცის რა მოხდება, მაგრამ ამ ეტაპზე ფასების კორექტირების აუცილებლობაც ნამდვილად არ დგას.
„დღევანდელი მდგომარეობით, 2023 წლამდე ჩვენი დენისა და გაზის ტარიფი სტაბილურად შენარჩუნდება, იმ შემთხვევაში, თუ რაიმე კატასტროფა არ მოხდა. საერთოდ, ტარიფის მდგენელი სამი კომპონენტია: პირველი – ეს არის ინვესტიცია, მეორე – საექსპულატაციო დანახარჯები და მესამე,თუ როგორია შესყიდვის ფასი. ახლა კომერციულ ორგანიზაციებს ფასი გაეზარდათ, ამის მთავარი გამომწვევი მიზეზი არის ის, რომ მოიმატა შესასყიდმა ფასმა.
ვისგანაც გაზს ვყიდუობთ ისინი ამბობენ, რომ მათი პროდუქტი იყიდება ევროპაში, ჩვენ კიდევ სამხრეთ კავკასიულ გაზსადენზე ვართ დამოკიდებულები. მთელი ევროპა ყურადღებით აკვირდება ხომ ვერ შეძლებს აზერბაიჯანი, რომ გაზარდოს გაზის მიწოდება ევროპისათვის. როგორც აზერბაიჯანმა დაგეგმა, ისინი ეცდებიან, რომ წლის განმავლობაში 20 მლრდ კბ/მეტრამდე ავიდეს კავკასიური გაზსადენით გატარება და ძალიან მალე 27 მილიარდამდე“, – აღნიშნა არაბიძემ „ბიზნეს-რეზონანსთან“ საუბრისას და ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია ის ფაქტრი, რომ სოციალური გაზის ხელშეკრულება უკვე აქვს საკართველოს, რადგან ეს თავიდან აგვაცილებს ფასში სერიოზულ ცვლილებას.
„ჩვენ ბერკეტები გვაქვს, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა 2026 წლამდე გვეკუთვნის გარკვეულ შეღავათიან ფასად გაზი, გარდა იმისა, რომ გატარებული გაზის რაოდენობიდან 5% გვეკუთვნის მთლიანად უფასოდ.
რთული სათქმელია რა მოხდება დეკემბერში, მაგრამ ვფიქრობ, რომ გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი სოციალური გაზის ხელშეკრულება უკვე ფიქსირებულია რაიმე სერიოზულ დიდ ცვლილებას არ უნდა ველოდოთ როგორც ბუნებრივი აირის, ისე ელექტროენერგიის ტარიფებთან დაკავშირებით“, – დასძინა არაბიძემ.
წყარო: “კომერსანტი”