ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის წარმომადგენლების თქმით, რუსმა ოკუპანტებმა $135 მილიონის ღირებულების აღჭურვილობა მოიპარეს

The Washington Post-ის ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურიდან 135 მილიონი დოლარის ღირებულების აღჭურვილობა მოიპარეს. გამოცემა ელექტროსადგურის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურიდან ოკუპანტებმა მოიპარეს ან გაანადგურეს 698 კომპიუტერი, 344 მანქანა, 1500 რადიაციის საზომი დოზიმეტრი, თითქმის ყველა ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობა და პროგრამული უზრუნველყოფა.

ელექტროსადგურის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ოკუპაციის დროს მათი 9 კოლეგა მოკლეს, 5 – გაიტაცეს.

რუსეთის შეჭრამდე ჩერნობილის კატასტროფის შედეგებს 6000-მდე თანამშრომელი აკვირდებოდა.

ინფორმაციისთვის, 1986 წლის 26 აპრილს აფეთქება უკრაინაში, ჩერნობილის ატომური სადგურის მეოთხე ენერგობლოკზე მოხდა. აფეთქების შემდეგ ხანძარი გაჩნდა. ხანძრისა და აფეთქების შემდეგ რადიოაქტიური ნივთიერება არამხოლოდ უკრაინის მასშტაბით, არამედ რუსეთში, ბელორუსსა და ევროპის ქვეყნებშიც კი გავრცელდა.

აფეთქების შემდეგ 10 კილომეტრის რადიუსში მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო, რამდენიმე დღეში კი ევაკუაციის ზონა 30 კილომეტრამდე გაფართოვდა. საერთო ჯამში, ტერიტორიიდან 200 000 ადამიანი გაიყვანეს.

მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კატასტროფა ათასობით ადამიანის სიკვდილის მიზეზი გახდა.

Leave a Reply