უკრაინამ და პოლონეთმა ელექტროენერგიის ინტერკონექტორის აღდგენის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი – მიზანი რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებაა

უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს ხელმძღვანელმა ჰერმან გალუშენკომ და პოლონეთის კლიმატისა და გარემოს დაცვის მინისტრმა ანა მოსკვამ ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს მოაწერეს ხელი, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

დოკუმენტი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ენერგოუსაფრთხოების გაძლიერებასა და რუსეთიდან ენერგომომარაგების შეწყვეტას ისახავს მიზნად.

„უკრაინასა და პოლონეთს შორის სახელმწიფოთაშორისი საჰაერო ხაზის ამოქმედება გაზრდის ჩვენი კავშირის სტაბილურობას ENTSO-E-ის (ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორთა ევროპული ქსელი) ქვეყნების ენერგეტიკულ სისტემებთან. ამასთან, ხელს შეუწყობს ენერგეტიკული ბაზრების შემდგომ სინქრონიზაციასა და ინტეგრაციას. ეს საშუალებას მისცემს უკრაინას, გაზარდოს ელექტროენერგიის ექსპორტი პოლონეთში. ეს პოლონეთს დიდწილად დაეხმარება რუსული გაზისა და ქვანახშირის ჩანაცვლებაში“, – აცხადებს გალუშენკო.

ომის დაწყების შემდეგ, მეზობელ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდა – ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა პოლონეთთან ერთობლივ საბაჟო კონტროლსაც აწესებს.

Leave a Reply