ზედიზედ მეოთხე თვეა, თხევადი გაზის (LPG) ფასი მცირდება, რამაც მომხმარებელი საგრძნობლად გამოაცოცხლა. თხევადი აირის ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორი ნიკა ხოფერია ,,კომერსანტთან” აცხადებს, რომ ბიზნესისთვის განსაკუთრებით 2021 წელი იყო პრობლემური, რამაც ინდუსტრია დიდი გამოწვევების წინაშე დააყენა. ხოფერიას თქმით, მკვეთრი გაძვირების გამო ბაზარმა მომხმარებელთა დიდი ნაწილი დაკარგა, დღესდღეობით კი სექტორი მდგომარეობიდან გამოსვლას ახერხებს, ამ მხრივ ფასების კლებამ დიდი გავლენა მოახდინა.
,,ბოლო 3-4 თვეში თხევადი გაზის ფასი შემცირდა. ბიზნესი ნელ-ნელა სტაბილურობას უბრუნდება. შარშან ფასი 1,95 ლარს აღწევდა, ამ ეტაპზე კი სტაბილურად 1,35 ლარის ფარგფლებშია. იმის გამო, რომ ალტერნატიული საწვავი ძვირი ღირს, თხევად გაზზე მოთხოვნამ მოიმატა. გაზის ბალონი თუკი ვინმეს მოხსნილი ან გადაკეთებული ჰქონდა, ის ახალს არ დაამონტაჟებს, მაგრამ უმეტეს შმთხვევაში მომხმარებელ ვიბრუნებთ. მოთხოვნამ 20 %-ით მოიმატა და ველოდებით, რომ ეს მაჩვენებელი სამომავლოდ კიდევ გაიზრდება“, – აცხადებს ,,კომერსანტთან“ ნიკა ხოფერია.
მისი თქმით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, მინიმუმ ორჯერ იზრდებოდა თხევადი გაზის საწვავის მოხმარება, მაგრამ აქციზის გაძვირებამ დიდი პრობლემა შექმნა.
,,2020 წელს, აქციზის მომატებამდე, თხევადი გაზის იმპორტის ოდენობა აღემატებოდა 2019 წლის შესაბამის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს 112 პროცენტით და სახეზე იყო ზრდის ტენდენცია, ხოლო აქციზის მომატების შემდეგ, 2021 წლის განმავლობაში თხევადი გაზის იმპორტის ოდენობა იკლებდა. 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 40 პროცენტიანი შემცირება დაფიქსირდა“, – ამბობს ხოფერია.
შეგახსენებთ, რომ 2020 წელს, იმპორტისა და ავტომობილზე მიწოდების აქციზები გაერთიანდა და მთლიანად გადავიდა იმპორტის დაბეგვრის რეჟიმში.
აღნიშნული კანონის მიღების შედეგად თხევად გაზზე აქციზის განაკვეთი განისაზღვრა 1 ტონაზე 300 ლარის ოდენობით, როდესაც ბენზინის აქციზი შეადგენს 1 ტონაზე 500 ლარს.
წყარო: commersant.ge