რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა საქართველოს ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე მოკლევადიან პერსპექტივაში

2022 წლის 2 ივნისს, WEG-მა ახალი კვლევა გამოაქვეყნა, რომელიც აფასებს რუსეთ-უკრაინის ომის გავლენას საქართველოს ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე მოკლევადიან პერსპექტივაში. პუბლიკაცია მიმოიხილავს შემდეგი საკითხებს:

  • რუსულ იმპორტზე დამოკიდებულება ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და ნავთობის კუთხით;
  • ენგურჰესი და აფხაზეთის ენერგომომარაგების საკითხები;
  • რუსული კაპიტალი საქართველოს ენერგეტიკაში და სანქციების ზეგავლენა;
  • ევროკავშირის ენერგეტიკული პოლიტიკა რუსეთთან მიმართებით და მისი გავლენა საქართველოს ენერგომომარაგებაზე.

კვლევის მიხედვით  მოკლევადიან პერსპექტივაში რუსეთს ენერგეტიკის კუთხით საქართველოს წინააღმდეგ მნიშვნელოვანი ზეწოლის ბერკეტი არ აქვს. ეს ეხება როგორც ენერგიის მიწოდების შეწყვეტას, ისე მიწოდების შეწყვეტის მუქარას და მის გამოყენებას პოლიტიკური შანტაჟისთვის.

რუსეთიდან საქართველოში იმპორტირებული ელექტროენერგიის წილი მცირეა და ბოლო წლების განმავლობაში ელექტროენერგიის მოხმარების 4%-ს არ აღემატება. ბუნებრივი გაზის წილი 8%-ს არ აღემატებოდა, თუმცა, ბოლო წლებში იმპორტის ზრდა შეინიშნება. საქართველო გაზს ძირითადად აზერბაიჯანიდან იღებს. ამ ეტაპზე, რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა აზერბაიჯანიდან მოწოდებულ ბუნებრივ გაზზე მინიმალურია, აზერბაიჯანი, როგროც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, აგრძელებს ჩვეულ რეჟიმში გაზმომარაგებას. საქართველოში ნავთობპროდუქტების 27.1% რუსეთიდან შემოდის (2020წ). იმპორტის შეფერხების შემთხვევაში, დეფიციტის დაბალანსება სხვა ქვეყნების ხარჯზე არის შესაძლებელი. რუსული ენერგეტიკული რესურსების იმპორტის ზრდის თავიდან ასაცილებლად,  საქართველოს საკუთარი გაზსაცავი და ნავთობგადამამუშავებელი საწარმო სჭირდება.

საქართველოს ენერგეტიკის სექტორში არსებული რუსული კაპიტალისა და აქტივების მიუხედავად, ენერგეტიკის სექტორი განსაკუთრებულ რეგულირებას ექვემდებარება და საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფოს აქვს ბერკეტი დაიცვას მოქალაქეების რუსული ბიზნესების სანქციების შესაძლო ზეგავლენისგან.

ევროკავშირი გეგმავს, 2022 წლის ბოლომდე ორი მესამედით შეამციროს რუსულ გაზზე დამოკიდებულება. ევროკავშირი რუსულ გაზს ნაწილობრივ აზერბაიჯანული გაზით ჩაანაცვლებს. გაზის ტრანზიტი საქართველოს გავლით განხორციელდება და ქვეყანა მეტ იაფ გაზს მიიღებს. ევროკომისია ასევე აღნიშნავს, რომ „ევროკავშირი მზად არის დაეხმაროს უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს, უზრუნველყოფილი იყვნენ საიმედო და მდგრადი ენერგიით“.

Leave a Reply