“არსად გავრცელებულა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანმა და რუსეთმა მოწოდებული ბუნებრივი აირი გაგვიძვირეს”

ქვეყნის მასშტაბით  კომერციულ სექტორს გაზი უძვირდება, რაც ფასების ზრდას  გამოიწვევს.  დედაქალაქის შემთხვევაში, ტარიფში ცვლილება 25 თეთრს აღწევს.

სატარიფო ცვლილება ენერგეტიკის სექტორის სპეციალისტებისთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა. ენერგეტისკომა გია არაბიძემ ,,რეზონანსთან“ აღნიშნა კიდეც, რომ არანაირი წინაპირობა ცვლილებისთვის არ ყოფილა მომწიფებული, ხოლო არგუმენტი, რომ გლობალურ ბაზრებზე ძვირდება გაზი, ამ მხრივ საკმაოდ სუსტია და ტარიფების ზრდის საკმარის მიზეზს არ წარმოადგენს.

,,გადაწყვეტილება ნამდვილად მოულოდნელია, მით უფრო, რომ ხელშეკრულებაში ცვლილება საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არ ყოფილა, არც – საქართველო-რუსეთს შორის. შესაბამისად, შესასყიდი გაზის შესახებ ცვლილება მოხდა თუ არა, უცნობია. თეორიულად თუ ვიმსჯელებთ, ასეთი ვარიანტია: ჩვენ 250 მლრდ კუბ/მ კომერციული გაზი აზერბაიჯანიდან  შემოგვქონდა, 250 მლრდ კუბ/მ რუსეთიდან შემოვიტანეთ. ამასთან, რუსული გაზი უფრო იაფია, ვიდრე აზერბაიჯანული, რაც რეალობაა. არ ვიცი, რუსეთმა მოუმატა თუ არა ტარიფს, არსად ეს ინფორმაცია არ გაჟღერებულა.

ის, რომ გაზის საერთაშორისო ფასი გაიზარდა, საკმარისი არგუმენტი არ არის. საქართველოსთან მიმართებით რუსეთიდან გაგვიძვირდა თუ არა ბუნებრივი აირი, არასად ამის შესახებ არ მსმენია. ვერსად ვნახე თუნდაც აზერბაიჯანულ გაზთან დაკავშირებითაც ინფორმაცია, რომ მომწოდებლებმა ფასები გაზარდეს. 2 დღის წინ მაინც უნდა ყოფილიყო წინაპირობა ოფიციალურ დონეზე, რაც ჯერჯერობით არავინ იცის“,- განაცხადა არაბიძემ.

ენერგეტიკოსის შეფასებით, ტარიფის ზრდა მძიმე ტვირთი იქნება როგორც მოსახლეობისთვის, ასევე ბიზნესისთვისაც და სოციალურ ფონს უფრო მეტად დაამძიმებს, რასაც მომხმარებელი მალევე იგრძნობს.

,,გადასახადის 25-თეთრიანი მატება ბიზნესისთვის ძალიან დიდი ტვირთია. საბოლოოდ ისევ მოსახლეობაზე იმოქმედებს. დიდი პრობლემები გველის ფასებთან დაკავშირებით. ერთი შეხედვით, ტარიფის ზრდა მოსახლეობის გარდა ყველას ეხება, მაგრამ სინამდვილეში სწორედ ჩვენს მოქალაქეებს დაარტყამს. გაზრდილ ფასებს საბოლოოდ ხალხი საკუთარი ჯიბიდან გადაიხდის. ისედაც მაღალი ინფლაციაა და ყველაფერზე იმოქმედებს,  სოციალურ ფონს საგრძნობლად დაამძიმებს“, – დასძინა არაბიძემ.

გაზის გადასახადი რეგიონებში მომუსავე მცირე და საშუალო კომპანიებს დიდ პრობლემას შეუქმნის. პირველ რიგში, გამოიწვევს არასტაბილურობას, ხოლო თუ სამომავლოდ ლარის გაუფასურების ფაქტორიც დაემატება, უკვე დიდი გამოწვევის წინაშე დადგება ბიზნესი, რაზეც ,,რეზონანსთან“ მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის ხელმძღვანელმა მიხეილ ჭელიძემაც ისაუბრა.

,,გაზის გლობალური ფასები შეიცვალა და სავარაუდოდ, ამან გამოიწვია გადასახადის გაზრდა. ტვირთი საბოლოოდ ბიზნესსაც დააწვება და მომხმარებელსაც. ისედაც ძალიან სწრაფად მატულობს ფასები და ახლა კიდევ ერთი ფუნდამენტური ფაქტორი იმოქმედებს. ცხადია, ასეთი ხისტი გადაწყვეტილება ინფლაციურ პროცესებსაც გააღრმავებს, რაც ისედაც დიდი პრობლემაა. წინასწარ დათვლა ძნელია, რამდენი პროცენტით მოიმატებს ამა თუ იმ პროდუქციის ფასი, მაგრამ რა დონეზეც არ უნდა დაკორექტირდეს, მტკივნეული პროცესია.

უკვე არასტაბილური გარემოს იქმნება ბიზნესისთვის, ბევრი მცირე და საშუალო კომპანია შეიძლება გამოუვალ სიტუაციაშიც აღმოჩნდეს. ერთი პრობლემა ბოლომდე დაძლეული არ არის, რომ ახალი იჩენს თავს. ეს ტარიფები მორიგ თავსატეხად იქცა. ტარიფი უნდა იყოს მისაღები, რომ ამ კერძო სექტორისთვის საქმიანობა მომგებიანი გახდეს, მაგრამ სინამდვილეში რისკები იზრდება, რაც ინვესტიციების ტემპს შეანელებს და კომპანიებს განვითარების შესაძლებლობას მოუსპობს“, – განუცხადა “რეზონანსს” ჭელიძემ.

სამეწარმეო ბიზნესში ფასების ზრდასთან დაკავშირებით პირველი განცხადებები პრესასთან უკვე გაკეთდა. კონკრეტულად რა მაჩვენებლით გააძვირებენ პროდუქტს, კომპანიებში არ აკონკრეტებენ, თუმცა ადასტურებენ, რომ საფასო პოლიტიკა შეიცვლება.

„ტკბილი ქვეყნის“ კომერციულმა დირექტორმა კახა ყრუაშვილმა „ბიზნესპრესნიუსს“განუცხადა, რომ გაზის ტარიფის მატების პარალელურად, გარდაუვალია პროდუქციაზე ფასების მომატებაც.

„რა თქმა უნდა, კომუნალურები პირდაპირ დამოკიდებულია ფასზე. გაძვირდება გაზი, გაძირდება დენი, გაძვირდება პროდუქციაც“, – განაცხადა მან.

პროდუქტის გაძვირებაზე საუბრობს ,,კუმისის“ გენერალური დირექტორი ზურაბ უჩუმბეგაშვილი, რომლის თქმითაც, მაღალი ნდობით არც ლარის კურსი გამოირჩევა და ორივე ერთად (კურსი და ტარიფი) ფასებს დიდ წნეხში მოაქცევს.

,,ბიზნესი მსოფლიოში და საქართველოშიც არასტაბილური გახდა. იმდენად ელვის სისწრაფით იცვლება მოვლენები, რომ  ვერანაირ გათვლას ვერ გააკეთებ, უმართავია სიტუაცია. ჯერ კიდევ გუშინ არავის გვეგონა, რომ გაზი გაგვიძვირედებოდა და დღეს მოულოდნელად სხვა რეალობაში აღმოვჩნდით. სამწუხაროდ, ფასების ბიზნესზეც ცუდად იმოქმედებს, არ გამოვრიცხავ, წარმოების შემცირებაც გამოიწვიოს“, –  განაცხადა ზურაბ უჩუმბეგაშვილმა ,,რეზონანსთან“.

2022 წლის 1-ლი ივლისიდან დედაქალაქსა და რეგიონებში გაზის ტარიფი არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის, ბიზნესისთვის იზრდება.

რეგიონებში,  შპს “თელავგაზის“, “სოკარ ჯორჯია გაზის“, „საქორგგაზის“ და „ინტერ გაზის“ საცალო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის, 1მ3 ბუნებრივი გაზის ფასი განისაზღვრება 1,38 ლარით დღგ-ს ჩათვლით. აღნიშნულის შესახებ განცხადებები თავად კომპანიებმა გაავრცელეს.

თბილისის შემთხვევაში, როგორც ,,თბილისი ენერჯის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, ტარიფი  ერთ კუბურ მეტრ გაზზე 1.10 ლარს შეადგენდა, ახლა 1.35 ლარი გახდება. ცვლილება 20 000 არასაყოფაცხოვრებო აბონენტს შეეხება.

ჯერჯერობით უცვლელი რჩება საყოფაცხოვრებო ტარიფი, რომელიც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ 2022 წლის ბოლომდე არის დადგენილი.

29 მაისს  საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ  დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ უკვე 2023 წლიდან მოსახლეობისთვის გაზის ტარიფის ზრდა მოსალოდნელია.

წყარო: resonancedaily.com

Leave a Reply