ბელგიის პრემიერ-მინისტრი ალექსანდრ დე კრუ მიიჩნევს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტის შემდეგ ევროკავშირმა ახალი შეზღუდვების შემოღება უნდა შეაჩეროს. ამის შესახებ მან სამშაბათს ევროკავშირის ორდღიანი სამიტის ფარგლებში შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
„ბელგიის აზრით, ბოლო პაკეტი არის დიდი წინგადადგმული ნაბიჯი და ვფიქრობ, ჩვენ უნდა დავისვენოთ. მოდით, ამ პაკეტმა იმუშაოს. ნავთობის ემბარგოს გავლენა რუსეთზე გაცილებით დიდია, ვიდრე გაზის შემთხვევაში. გზა გაცილებით რთულია“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ რუსულ ნავთობზე ემბარგო მთელი ევროკავშირის გამარჯვებაა, რომელიც არავის სჯეროდა.
მანამდე კი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ განაცხადა, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა გამოთქვეს მზადყოფნა, მეექვსე პაკეტის დამტკიცებისთანავე დაიწყონ მზადება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეშვიდე პაკეტის დაწესებისთვის.