სლოვაკეთი გაზის სამხრეთ დერეფანზე დაერთებისთვის მზად არის

სლოვაკეთმა გაზის სამხრეთ დერეფანთან დასაკავშირებლად ყველა საჭირო ინტერკონექტორი ააშენა. ამის შესახებ Trend-ს აზერბაიჯანში სლოვაკეთის ელჩმა, მილან ლაიჩაკმა განუცხადა.

თუმცა, ელჩის თქმით, გაზსადენზე რეალური დაერთებისთვის საბერძნეთ-ბულგარეთის ინტერკონექტორის (IGB) დასრულება და გაზის სამხრეთ დერეფნის გამტარუნარიანობის გაზრდა არის აუცილებელი.

„ამის შემდეგ შესაძლებელი იქნება, სამხრეთის დერეფნით სლოვაკეთისთვის აზერბაიჯანული გაზის მიწოდება დაიწყოს,“ – აცხადებს მილან ლაიჩაკი.

მისი თქმით, გაზის 2009 წლის კრიზისის შემდეგ სლოვაკეთმა გაზის საიმპორტო მარშრუტების მნიშვნელოვანი დივერსიფიკაცია შეძლო და ამჟამად ქვეყანა ექსკლუზიურად რუსულ გაზზე დამოკიდებული აღარ არის. თუმცა რუსეთიდან სლოვაკეთში გაზის მიმდინარე იმპორტი კვლავ მოხმარების 90%-ზე მეტს შეადგენს.

დიპლომატი ამბობს, რომ უკრაინაში ომისა და აღმოსავლეთ საზღვრებზე მზარდი გაურკვევლობის გამო, სლოვაკეთი და ევროკავშირის წევრი ქვეყნები ნედლი ნავთობისა და გაზის მიწოდებისთვის დივერსიფიცირებულ წყაროებსა და მარშრუტებს ეძებენ. ამდენად, ევროპის რეგიონში მეტი აზერბაიჯანული გაზი არის საჭირო.

„ჩვენი ქვეყანა, ისევე, როგორც მთელი ევროკავშირი ევროპული ბაზრების საჭიროების დასაფარად აზერბაიჯანული გაზის დამატებით მოცულობას უსიტყვოდ დააფასებს,“ – აცხადებს ელჩი.

სამხრეთ დერეფნის გავლით აზერბაიჯანული გაზის ევროპისთვის მიწოდება 2020 წლის 31 დეკემბერს დაიწყო. ევროპის ბაზარზე ბუნებრივი აირი მილსადენებით აზერბაიჯანმა თავის ისტორიაში პირველად გაიტანა. მსოფლიოში უდიდესი იმპორტიორის, ევროპის ბაზარზე პირდაპირი წვდომით აზერბაიჯანმა საექსპორტო შესაძლებლობების დივერსიფიცირება შეძლოს. TAP, რომელიც გაზის სამხრეთ დერეფნის ევროპული ნაწილია, იტალიას ყოველწლიურად 8 მილიარდ კუბურ მეტრ, საბერძნეთსა და ბულგარეთს კი ცალ-ცალკე 1 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს აწვდის.

წყარო: bpn.ge

Leave a Reply