ევროკომისიამ ევროკავშირის ქვეყნებს წინადადება წარუდგინა, რომელიც საზღვაო გზით მიწოდებულ რუსულ ნავთობზე უარის თქმის შემთხვევაში, მილსადენით იმპორტირებულ რუსულ ნავთობზე შეზღუდვების დაწესების გადადებას ითვალისწინებს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროების ინფორმაციით, აღნიშნული წინადადება უნგრეთს, რომელიც რუსული ნავთობის აკრძალვას ეწინააღმდეგება, მეტ დროს მისცემს ტექნიკური გადაწყვეტილების მოსაძებნად მისი ენერგეტიკული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად და ასევე ითვალისწინებს სხვა ქვეყნების, მათ შორის სლოვაკეთისა და ჩეხეთის შეშფოთებას, რომლებიც ძლიერ არიან დამოკიდებულნი რუსულ ნავთობზე.
ახალი წინადადების თანახმად, ევროკავშირის წევრი ქვეყნები ნავთობის იმპორტს საზღვაო გზით ექვს თვეში, ხოლო ნავთობპროდუქტების იმპორტს რვა თვეში შეწყვეტენ.
გარდა ამისა, ბულგარეთს გარდამავალ პერიოდს შესთავაზებენ 2024 წლის ივნისამდე ან დეკემბრამდე, ხოლო ხორვატიას ვაკუუმური გაზოილის იმპორტის შესაძლებლობა მიეცემა. ევროკომისია ასევე გამოდის წინადადებით, შეიზღუდოს მილსადენით მიწოდებული რუსული ნავთობის რეექსპორტი სხვა წევრ სახელმწიფოებში ან მესამე ქვეყნებში.