თბილისის წყალმომარაგება შეფერხების საფრთხის წინაშეა

თბილისის წყალმომარაგება შეფერხების საფრთხის წინაშეა

სემეკის გადაწყვეტილების გამო თბილისს შესაძლოა წყალმომარაგების პრობლემა შეექმნას. ამ განცხადებას სემეკის ყოფილი თავმჯდომარე გურამ ჩალაგაშვილი აკეთებს.

მისი განმარტებით, „თბილისის წყლის“ გაყიდვის დროს შეიქმნა გეგმა გრაფიკი, რომელიც ხელშეკრულებაშია გაწერილი და რომელშიც განსაზღვრულია, რა მოცულობის ინვესტიცია უნდა განახორციელოს კომპანიამ წლების მიხედვით და რაში უნდა ჩადოს თანხები.

ჩალაგაშვილის თქმით, ესაა ჩვეულებრივი ბიზნესი და კომპანიამ, ცხადია, ჩადებული თანხა უკან უნდა ამოიღოს. შესაბამისად, სემეკის ყოფილი თავმჯდომარის განმარტებით, სახელმწიფო იღებდა ვალდებულებას, რეაბილიტაციის შემდეგ, იმ შემთხვევაში თუ GWP პირნათლად შეასრულებდა ვალდებულებებს, სახელმწიფოს მხრიდან – ირიბად სემეკის დახმარებით – მომხდარიყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული  ვალდებულების შესრულება ტარიფის ზრდის შესახებ. თუმცა სემეკმა ეს არ გააკეთა და ტარიფი უცვლელი დატოვა.

კომისიის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, ჩალაგაშვილის განმარტებით, საქმე გვაქვს ორიდან ერთ  ფაქტთან – ეს იყო ან პოლიტიკური გადაწყვეტილება და კომპანიის ბედი არავის არ აინტერესებს, ეს კი პრობლემებს აუცილებლად შექმნის, ან სემეკმა ჩათვალა, რომ კომპანიამ არ შეასრულა ვალდებულებები სახელმწიფოს წინაშე.

თუ საქმე ამ უკანასკნელ შემთხვევასთან გვაქვს, ჩალაგაშვილის თქმით, პირველი, რაც მარეგულირებელს უნდა გაეკეთებინა, უნდა დაეყენებინა საკითხი, რომ გადაეხედა კომპანიის მენეჯმენტისთვის და კომპანიაში დროებითი მმართველი დაენიშნა, როგორც ყაზტრანსგაზ თბილისის შემთხვევაში მოხდა.

აყენებს თუ არა საფრთხის ქვეშ სემეკის გადაწყვეტილება თბილისელთა სრულყოფილ წყალმომარაგებას? ჩალაგაშვილი აცხადებს, რომ თუ კომისია არ იტყვის, რომ კომპანიამ ვალდებულებები ვერ შეასრულა,

ჩაითვლება, რომ GWP-მ პირნათლად შეასრულა ნაკირსი ვალდებულებები  და სახელმწიფომ მას კონტრაქტი დაურღვია. შესაბამისად, კომპანიას უკვე აქვს ორი გზა – ერთი, წავიდეს სასამართლოში და სახელმწიფოს უჩივლოს, ან არ შეასრულოს არანაირი ვალდებულება, მათ შორის თბილისის 24–საათიანი წყალმომარაგება როგორც ძველ ისე ახალ საზღვრებში. კომპანია არ მოიზიდავს ინვესტიციას, არ დახარჯავს თანხებს და დინებით მიჰყვება სიტუაციას, „სანამ შეეძლება ისულდგმულოს.“

ჩალაგაშვილის ვარაუდით, ასეთ შემთხვევაში ზაფხულიდან პრობლემები პირველ რიგში წყნეთს, ბაგებს, ტაბახმელას, ანუ თბილისის ახლადშემოერთებულ ტერიტორიებს შეექმნება.

თავად კომპანიისგან “კომერსანტმა” ვერ მოახერხა განმარტების მიღება იმასთან დაკავშირებით, სემეკის გადაწყვეტილების გამო, არსებობს თუ არა თბილისის წყალმომარაგების შეფერხების საფრთხე.

„სემეკში“ GWP–ის მიერ ნაკისრი ვალდებულებების დარღვევაზე არ საუბრობენ. როგორც კომპანიაში აცხადებენ, კანონი ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ კომისიას ავალდებულებს, სემეკის მიერ დადგენილი წესით დაადგინოს ტარიფები ან შეიტანოს ცვლილებები მოქმედ ტარიფებში. კომისია ასევე უფლებამოსილია გაითვალისწინოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სფეროებში სახელმწიფოს მიერ დადებული გარიგებები და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტები. ამასთან, აღნიშნული არ წარმოადგენს მის ვალდებულებას.

კომისიაში ამბობენ, რომ სემეკის გადაწყვეტილება არ არის იმის საფუძველი, რომ კომპანიას რაიმე დაბრკოლება შეექმნას საქმიანობაში და ტარიფში მოხდა სამომავლოდ განსახორციელებელი ინვესტიციების ასახვა.

 

როგორც სემეკის წარმომადგენელი გოჩა შონია განმარტავს, კანონის თანახმად, ტარიფები უნდა დადგინდეს მოქმედი მეთოდოლოგიის საფუძველზე.

„ჩვენ რეალურად გავითვალისწინეთ ყველა ხარჯი, რომელიც ჰქონდა კომპანიას, მივეცით სამართლიანი მოგება, ავუსახეთ წინასწარი ინვესტიციები ანუ აბსოლუტურად ყველა ის ხარჯი გავითვალისწინეთ, რომელიც კომპანიას რეალურად აქვს და შესაძლებელია ქონდეს. მესმის, რომ კომპანიას გააჩნია გრძელვადიანი მიზნები, მაგრამ ესაა ბუნებრივი მონოპოლია და რეგულირებადი კომპანია, რაც იმას ნიშნავს, რომ რეგულირების ქვეშაა და შესაბამისად, ნებისმიერმა ასეთმა კომპანიამ უნდა გაითვალისწინოს ყოველივე ეს და კომისიის დადგენილება ვალდებულებად უნდა მიიღოს,“ – განმარტავს შონია და ამბობს, რომ თუ კომპანია ფიქრობს, რომ კომისიას ტარიფები არასწორად აქვს დათვლილი, შეუძლია სასამართლოს მიმართოს. მისი თქმით, მომხმარებლები იძულებულნი არიან ამ კომპანიის კლიენტები იყვნენ, რადგან სხვა მიმწოდებელი არ ჰყავთ და არ გააჩნიათ არჩევანის უფლება, ამიტომ სემეკმა სწორედ მათი ინტერესები გაითვალისწინა ისე, რომ თავად კომპანიის სამართლიანი ინტერესებიც ასახა ტარიფში.

რაც შეეხება სემეკის მიერ კომპანიასა და სახელმწიფოს შორის დადებული ხელშეკრულების  პირობებს, გოჩა შონიას განმარტებით, ეს დოკუმენტი არაა პარლამენტის მიერ რატიფიცირებული და ის კანონზე მაღლა ვერ დადგება.

შეგახსენებთ, რომ სემეკ-ის 18 მაისის სხდომაზე განიხილეს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” სატარიფო განაცხადი, რომლის თანახმადაც, კომპანია თბილისში წყლის ტარიფის გაზრდას ითხოვდა.

თუმცა სემეკ-მა გადაწყვიტა, რომ თბილისში წყლის ტარიფი არ შეიცვლება. “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” არ ეთანხმება სემეკის დადგენილ ტარიფს და მიიჩნევს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით დაირღვა ტარიფის ცვლილების შესახებ ნასყიდობის ხელშეკრულებით სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულება.

გარდა ამისა, როგორც “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” აცხადებს, მისი მფლობელი კომპანია არის პირველი და ამ ეტაპზე ერთადერთი არასაფინანსო ინსტიტუტი ქვეყანაში, რომელმაც წამოიწყო საერთაშორისო საფინანსო ბირჟაზე (IPO) გასვლის პროცესი, რაც თავისთავად ნიშნავს ქვეყანაში დამატებითი ინვესტიციების მოზიდვას. სემეკის გადაწყვეტილება კი აფერხებს ამ მნიშვნელოვან პროცესს, რაც, კომპანიის შეფასებით, ხელს უშლის დარგის განვითარებას და ნეგატიური კუთხით წარმოაჩენს საინვესტიციო გარემოს.

წყარო: commersant.ge

Leave a Reply