კონკურენციის სააგენტოს ანგარიშში ნათქვამია, რომ არაბრენდულ სადგურებს გააჩნიათ საფასო უპირატესობა ბრენდირებულ სადგურებთან მიმართებით.
რადიო ,,პალიტრასა“ და ,,პალიტრანისუსის“ გადაცემაში ,,საქმე“ აღნიშნულის მიზეზებზე არაბრენდული ქსელის ,,ბიოლის“ დამფუძნებელმა ისაუბრა. რუსუდან რამაზაშვილი ამბობს, რომ მიზეზს დიდი ქსელების საოპერაციო ხარჯები წარმოადგენს, რაც მათ არ აქვთ.
„კონკურენციის სააგენტოს დასკვნაში, ძირითადად საუბარი იყო ბრენდულ ბენზინ გასამართებზე. მე ამ შემთხვევაში წარმოვადგენ მცირე, არაბრენდულ ქსელს, რომლებთან დაკავშირებითაც არ ყოფილა მსგავსი მიგნებები. ჩემის მხრიდან შემიძლია ვთქვა ის, რომ მცირე ქსელებში ფასები ყოველთვის უფრო დაბალია 15-20 თეთრით. რაც პრაქტიკაში შემხვედირია, მაქსიმალური სხვაობა 30 თეთრია. არ ვიცი, რატომ თქვა კონკურენციის სააგენტომ 60 თეთრი.
ადმინისტრაციული და საოპერაციო დანახარჯებიდან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია ვიმუშაოთ უფრო დაბალ მარჟაზე, ვიდრე ბრენდულმა ბენზინგასამართებმა“, – განაცხადა რუსუდან რამაზაშვილმა.
რაც შეეხება ზოგადად ფასებს, რუსუდან რამაზაშვილი ამბობს, რომ ეს მსოფლიო ბაზრებზე მიმდინარე პროცესებზე იქნება დამოკიდებული.
„ზოგადად თუ გადავხედავთ საერთაშორისო ბაზრის ტენდენციებს ნავთობის ფასი მცირდება ბოლო რამდენიმე განმავლობაში. შემცირდება თუ არა საწვავი საქართველოში, ყველაფერი ამ ტენდენციაზე იქნება დამოკიდებული“, – განაცხადა რამაზაშვილმა ,,საქმეში“
ინფორმაციისთვის, საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს საწვავის ბაზრის 2022 წლის იანვარ-აპრილის მონიტორინგის შუალედურ ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, 2022 წლის იანვარ-აპრილის პერიოდში, ქვეყანაში 22 ეკონომიკური აგენტის მიერ განხორციელდა 385 678 ათასი ლიტრი ბენზინისა და დიზელის იმპორტი.
კონკურენციის სააგენტოს საწვავის ბაზრის მონიტორინგის შუალედური ანგარიშის მიხედვით, ნავთობიმპორტიორები აპრილში რუსეთიდან იმპორტირებულ რეგულარის მარკის საწვავს 65 თეთრიანი ფასნამატით ყიდდნენ, ბულგარეთიდან იმპორტირებულ საწვავზე ფასნამატი 16 თეთრი იყო, ხოლო რუმინეთიდან იმპორტირებულზე 20 თეთრი.
წყარო: “ბიზნესპრესნიუსი”