ფინეთს რუსული გაზის მიწოდება შესაძლოა, ხვალიდან შეუწყდეს

ფინეთში რუსული გაზის მიწოდება შესაძლოა, 20 მაისს, გვიან ან 21 მაისს შეწყდეს. ამის შესახებ ფინეთის სახელმწიფო კომპანია Gasum-ის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში არის ნათქვამი. კომპანია ამ ვადებში მიწოდების შეწყვეტის რისკს რეალურად მიიჩნევს, თუმცა ამავდროულად აღნიშნავს, რომ რუსული მხრიდან ჯერ არანაირი ინფორმაცია არ მიუღია.

განცხადებაში, ასევე, ნათქვამია, რომ Gasum რუსული გაზის გარეშე დარჩენის პირობებისთვის ემზადება. კომპანია ზაფხულის განმავლობაში აპირებს, ფინეთ-ესტონეთის ქსელების დამაკავშირებელ Balticconnector-ის მილსადენით გაზის მიწოდება სხვა წყაროებიდან უზრუნველყოს. თუმცა გაზსადენის შეზღუდულმა სიმძლავრემ შესაძლოა, ეს ამოცანა გაართულოს.

ერთი დღით ადრე Gasum-მა გადაწყვიტა, გაზის საფასურის რუბლებში გადახდის გამო რუსეთს საარბიტრაჟო სასამარათლოში უჩივლოს, რადგან ამ მოთხოვნას საკონტრაქტო პირობების დარღვევად მიიჩნევს. კომპანიამ მკაფიოდ განაცხადა, რომ გაზს რუბლებში ან მოსკოვის მიერ შეთავაზებული სქემით არ გადაიხდის. ამ გადაწყვეტილების შემდეგ Gasum-მა ფინეთისთვის რუსული გაზის მიწოდების შეწყვეტის რისკის მნიშვნელოვანი ზრდა აღიარა.

წყარო: bpn.ge

Leave a Reply