გადაუხდელობის გამო, რუსული კომპანია Inter RAO ფინეთში ელექტროენერგიის მიწოდებას შეაჩერებს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია Inter RAO-ს შვილობილი კომპანიის, RAO Nordic Oy-ს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„იძულებულნი ვართ 14 მაისიდან შევაჩეროთ ელექტროენერგიის იმპორტი. ვიმედოვნებთ, რომ სიტუაცია მალე გამოსწორდება და რუსეთთან ელექტროენერგიის ვაჭრობა აღდგება“, – აცხადებენ კომპანია RAO Nordic Oy-ში.
კომპანია RAO Nordic Oy-ში განმარტავენ, რომ 6 მაისიდან Nord Pool-ის ბირჟაზე გაყიდული ელექტროენერგია გადახდილი არ არის. ამის გამო, კომპანიამ, თავის მხრივ, ვერ გადაიხადა რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი.
თავის მხრივ, ფინური ქსელის ოპერატორი Fingrid-ი აცხადებს, რომ ქვეყანაში ელექტროენერგიის ბაზარს არაფერი ემუქრება.
„იმპორტი შეიძლება ანაზღაურდეს ელექტროენერგიის ბაზარზე მეტი ელექტროენერგიის იმპორტით შვედეთიდან და ნაწილობრივ შიდა წარმოების ხარჯზე“, – აღნიშნეს Fingrid-ში.
12 მაისს, ფინეთმა ნატოში გაწევრიანების გადაწყვეტილება მიიღო. ერთობლივი განცხადება ქვეყნის პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა გამოაქვეყნეს.