არცერთ შემთხვევაში არ ყოფილა მოთხოვნა, რომ თანხა რუბლში გადაგვეხადა – „სენტა“ საწვავის რუსეთიდან იმპორტზე

საქართველოში, საწვავის ფასმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ,,სენტა ჯორჯია პეტროლიუმის“ დამფუძნებელი, ზაალ იაკობაშვილი ,,ბიზნესპრესნიუსთან“ ამბობს, რომ საერთაშორისო ბაზარზე ნავთობზე ფასები ძალიან მაღალია, თუმცა ქვეყანაში შედარებით იაფი, რუსული და თურქმენული საწვავი შემოდის, რაც ფასებს აბალანსებს.

„საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასი ისევ იზრდება. 1 ტონა დიზელისა და ბენზინის ფასები დაახლოებით 1 170 დოლარის ფარგლებშია, ძალიან მცირე განსხვავებებით. შესაბამისად, საერთაშორისო ბაზრის ფასი ბოლო პერიოდში ძალიან მაღალია. ეს განსაკუთრებით პროპორციულად დიზელის საწვავზე აისახა, ვინაიდან, ამავე პერიოდში ბენზინის მოწოდება შესაძლებელი გახდა უფრო დაბალი ფასით, ვიდრე ეს საერთაშორისო ბაზრის ფასებია. საბითუმო ფასები უფრო დაბალია და საკმაოდ დიდი განსხვავებაა ბენზინს და დიზელს შორის, თითქმის 1-ლარიანი. ვსაუბრობ რუსულ და თურქმენულ ბაზარზე, საიდაც, თვითღირებულება უფრო დაბალია, ვიდრე საერთაშორისო ბაზარზე“, – განაცხადა იაკობაშვილმა.

მისივე თქმით, რუსეთში საბითუმო არაბრენდირებული იმპორტიორები ანგარიშსწორებას დოლარში ახორციელებენ და არა რუბლში.

„არცერთ შემთხვევაში არ ყოფილა მოთხოვნა, რომ მათი ვალუტით, რუბლით გადაგვეხადა. რუსეთიდან, რა საწვავიც შემოდის, ჩვენს შემთხვევაში მსგავსი მოთხოვნა არ ყოფილა. არ ვიცი, რა ხდება, ბრენდულ გასამართებთან დაკავშირებით და რა ვალუტაში იხდიან. რაც შეეხება თურქმენეთს, იქ დღის წესრიგშიც არ მდგარა, ვალუტის ჩანაცვლება. ანგარიშსწორება ხდება დოლარში.

კურსი ახლა შედარებით სტაბილურია, რაც დადებითი ფაქტორია. მეორე ფაქტორია საერთაშორისო ბაზრის ფასები, რაც იშვიათად ძალიან მაღალია. მესამე ფაქტორი კი რუსეთია, სადაც ფასების ზრდა დაიწყო მას შემდეგ, რაც ომის პირველი შოკი ეკონომიკაზე მოიხსნა და ახლა, რუბლის გამყარებასთან ერთად, საწვავზე ფასების ზრდა დაიწყო. ეს არის მოცემულობა, თუმცა პროგნოზის, თუნდაც მოკლე ვადაში გაკეთება, რთულია“,- განაცხადა ზაალ იაკობაშვილმა ,,ბიზნესპრესნიუსთან“.

წყარო: bpn.ge

Leave a Reply