ათ წელში კრიპტოს მომხმარებლების რაოდენობა 1 მილიარდამდე გაიზრდება

მომდევნო ათი წლის განმავლობაში იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც იყენებენ კრიპტოვალუტას ან შეეცდებიან მის გამოყენებას, 200 მილიონიდან 1 მილიარდამდე გაიზრდება. ამის შესახებ Coinbase Global-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბრაიან არმსტრონგმა Milken Institute-ის გლობალურ კონფერენციაზე განაცხადა.

“ვვარაუდობ, რომ 10-20 წელიწადში მშპ-ის მნიშვნელოვანი ნაწილი კრიპტო ეკონომიკაში იქნება”, – თქვა არმსტრონგმა ARK Investment Management-ის აღმასრულებელ დირექტორთან, კეტი ვუდთან საუბრისას.

არმსტრონგის კომენტარები ემთხვევა პერიოდს, როცა კრიპტოვალუტის ფასი სწრაფად იცვლება. მას შემდეგ, რაც გასული წლის ნოემბერში ბიტკოინის ფასი თითქმის $69,000 გახდა და ყველა დროის მაქსიმუმს მიაღწია, მისი ღირებულება დაეცა. მსოფლიოში ყველაზე დიდი კრიპტოვალუტის ფასი წლის დასაწყისის შემდეგ დაახლოებით 17%-ით შემცირდა.

“DeFi-სა და შემდეგი თაობის ინტერნეტის შემთხვევაში, ჩვენ ვხედავთ, რომ ბევრი ფინანსური კომპანია კარგავს ჭკვიან თანამშრომლებს, რომლებიც კრიპტო სფეროში გადადიან. ასე რომ, მათ ეს სერიოზულად უნდა გაიაზრონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, დამარცხდებიან”, – ამბობს ვუდი.

მისივე თქმით, აშშ-ში კრიპტოვალუტის რეგულირებასთან დაკავშირებული გაურკვევლობა აფერხებს მის წინსვლას. ARK Investment Management-ის აღმასრულებელი დირექტორი მიიჩნევს, რომ შეერთებულ შტატებში საზოგადოების ნახევარი კრიპტოვალუტის მხარდამჭერია.

წყარო: businessformula.ge

Leave a Reply