ამერიკიდან ევროპაში ნედლი ნავთობის ექსპორტმა აპრილში 6-წლიან მაქსიმუმს მიაღწია მას შემდეგ, რაც 2016 წელს აშშ-მა ნედლი ნავთობის ექსპორტი დაუშვა. ამის შესახებ Bloomberg-ის მიერ შესწავლილ გემების მოძრაობის მონაცემებში წერია.
სააგენტოს შეფასებით, ამერიკელმა ნავთობმწარმოებლებმა ტეხასისა და ლუიზიანას მსხვილი ტერმინალებიდან ევროპელ მყიდველებს, თითქმის, 50 მილიონი ბარელი ნავთობი გაუგზავნეს. ეს მთლიანი მოცულობის, თითქმის, ნახევარია, რაც აშშ-ს მთავარი საექსპორტო ჰაბიდან, მექსიკის ყურედან საზღვარგარეთ იგზავება.
Bloomberg-ის ცნობით, აპრილში ევროპისკენ სამი უმსხვილესი ნავთობტანკერი გაემართა, რომელთაგან თითოეულს 2 მილიონი ბარელი ნავთობის გადაზიდვა შეუძლია. ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო პროგნოზირებდა, რომ აპრილში აშშ-ს ნავთობმოპოვება მოსალოდნელზე ნელი ტემპით, მაგრამ მაინც გაიზრდებოდა. შესაბამისად, Bloomberg ვარაუდობს, რომ ევროპისთვის ნავთობმიწოდება კიდევ უფრო გაიზრდება.
წყარო: bpn.ge