არსებული გეოლოგიური, გეოფიზიკური მასალების, ჭაბურღილების ტექნიკური მონაცემების ელექტრონული ვერსიების საინფორმაციო ბაზის შესაქმნელად აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. ამის შესახებ „ბანკები და ფინანსებს“ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო საგენტოდან აცნობეს.
როგორც სააგენტოში აცხადებენ, აღნიშნული პროცესი ნავთობისა და გაზის შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე ხორციელდება და შედეგად მივიღებთ ერთგვარ საინფორმაციო ჰაბის. მასალების პროგრამული დამუშავების კვალდაკვალ გაადვილდება ქვეყნის ტერიტორიის ნავთობგაზიანობის პერსპექტივების შეფასება თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებისა და მოთხოვნათა შესაბამისად, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ახალი პერსპექტიული საძიებო უბნების გამოყოფას და შესაბამისად, ახალი ინვესტიციების მოზიდვას.
სააგენტოში ასევე აცხადებენ, რომ ნავთობკომპანიები, ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოებისას, მუდმივად ნერგავენ და იყენებენ ახალ ტექნოლოგიებს. კერძოდ ესენია: ჰორიზონტალური, ულტრა მოკლე რადიუსით ბურღვა, სამგანზომილებიანი სეისმო-საძიებო და მაგნიტოტელური გეოფიზიკური კვლევები, ჰელიუმის კონცენტრაციის გამოვლენის გზით ნავთობისა და გაზის ბუდობების დადგენის მეთოდი.
კომპანიების მიერ დიდი მოცულობის ძებნითი სამუშაოებია ჩატარებული თავიანთ სალიცენზიო ტერიტორიებზე. სააგენტოს ცნობით, მანავის ფართობზე გაბურღული და დასინჯული იქნა ცარცული ჰორიზონტი ნავთობგამოვლინებით. ასევე ვერტიკალური ჭაბურღილის გაბურღვის შედეგად დაისინჯა ქვედა ეოცენი პატარძეულის ფართობზე, რის შედეგადაც კომპანიამ დაადასტურა კომერციული მნიშვნელობის თავისუფალი გაზის ამოსაღები მარაგები – 16 მლრდ.მ3.
განხორციელდა ჰორიზონტალური ლულით ბურღვა დასავლეთ რუსთავის, სართიჭალის და კრწანისის ფართობებეზე 4 ჭაბურღილში. ადრე გაბურღული ვერტიკალური ლულებიდან მოხდა პროდუქტიულ, შუაეოცენურ ნალექებში ახალი, ე. წ. გვერდითი, ჰორიზონტალური ლულების გაბურღვა, რომელთა სიგრძე რამოდენიმე ასეული მეტრს შეადგენს. ჰორიზონტალური ლულით, ასევე გაიბურღა ერთი ახალი ჭაბურღილი დასავლეთ რუსთავზე.
სააგენტოს ინფორმაციით, განახლებული ჭაბურღილების ექსპლუატაციაში გაშვების შედეგად მოპოვება 80 %-ით გაიზარდა.
მნიშვნელოვანი წინსვლაა დასავლეთ რუსთავის საბადოს კვლევის მიმართულებითაც, სადაც განხორციელდა მნიშვნელოვანი მაღალტექნოლოგიური სამუშაოები. კერძოდ, მთელი ფართობი დაიფარა 3-განზომილებიანი სეისმოძიებით, რაც უზრუნველყოფს საბადოს სიღრმული აგებულების უკეთესად შესწავლას და მისი მარაგების საიმედოდ შეფასებას;
სააგენტოში აცხადებენ, რომ 3D სეისმოძიებო სამუშაოების შედეგად, ჭალადიდის ფართობზეც გამოვლენილია კორათის პერსპექტიული სტრუქტურა. აღმოსავლეთ საქართველოს ნავთობგაზიანობის შესწავლის შედეგად კი გამოიკვეთა პერსექტიული სტრუქტურები ნორიოს ფართობზეც.
წყარო: bfm.ge