ენერგომატარებლები 50%-ით გაძვირდება

რუსეთ-უკრაინის ომმა მთელს მსოფლიოში ინფლაციური პროცესები დააჩქარა, განსაკუთრებით სწრაფად ფასები ენერგომატარებლებზე გაიზარდა. მსოფლიო ბანკის შეფასებით, წელს ენერგორესურსების ღირებულება საშუალოდ 50%-ით გაიზრდება.

ნავთობის ფასი ომამდე $80-ს შეადგენდა, დღეს 38%-ით – $110-მდეა გაზრდილი, რაც 8–წლიანი რეკორდია, მარტში 14 წლიანი რეკორდიც დაფიქსირდა და 1 ბარელის ღირებულებამ $130-ს გადააჭარბა. ზოგად არასტაბილურ ფონს, ის ფაქტიც ემატება, რომ რუსეთი ნავთობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ექსპორტიორია. რუსეთი დღიურად 5 მლნ ბარელზე მეტ ნედლ ნავთობს და დამატებით შედარებით მცირე მოცულობის ნავთობპროდუქტებს ყიდის. საკუთარი მოხმარების ჩათვლით რუსეთ მსოფლიო მოთხოვნის დაახლოებით 10%-ს აკმაყოფილებს, საკუთარი მოხმარების გარეშე 8%-ს.

ორ თვეზე მეტია ირანთან და ვენესუელასთან სანქციების მოხსნის სანაცვლოდ მოპოვების ზრდასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გრძელდება. მოპოვების ზრდას სთხოვენ საუდის არაბეთსაც, თუმცა ამ უკანასკნელისთვის ბაზარზე ირანის დაბრუნება კატეგორიულად მიუღებელია. თუ ევროკავშირმა ბოლოს და ბოლოს რუსული ნავთობისთვის ემბარგოს დაწესების გადაწყვეტილება მაინც მიიღო, ეს ფასებს კიდევ უფრო გაზრდის.

ნავთობის მსგავსად ფასები გაზრდილია ბუნებრივ გაზზეც და ევროპაში 1000 კუბურ მეტრზე $1000-ს აჭარბებს. მისი ჩანაცვლება ნავთობთან შედარებით კიდევ უფრო რთული იქნება.

საქართველოში ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფი როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ბოლოს გასულ წელს გაიზარდა. საწვავის ღირებულება კი თვეზე მეტია რეკორდულ ნიშნულზე ნარჩუნდება.

მთავრობა და ეროვნული ბანკი ინფლაციის ტემპის შემცირებას მარტიდან მოელოდნენ, რეალურად როგორც მარტში, ასევე აპრილში სამომხმარებლო ფასები ისევ ორნიშნა პროცენტული მაჩვენებლით გაიზარდა, რაშიც დიდი წვლილი ენერგორესურსების გაძვირებას მიუძღვის.

წყარო: “კომერსანტი”

Leave a Reply