ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტი წარადგინა, რომელიც რუსეთიდან ნავთობის იმპორტის აკრძალვას შეიცავს.
ურსულა ფონ დერ ლაიენი ასევე გამოვიდა წინადადებით, რომ რუსეთის უმსხვილესი ბანკის, სბერბანკის SWIFT-ის საერთაშორისო საბანკო გადახდების სისტემიდან გათიშვა მოხდეს.
ევროკომისიის პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა ევროპარლამენტს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდა, ეტაპობრივად შეწყვიტონ ნედლი ნავთობის იმპორტი ექვსი თვის განმავლობაში, ხოლო გადამუშავებული პროდუქტების – წლის ბოლომდე.
„ჩვენ ვიზრუნებთ, რომ რუსული ნავთობის იმპორტის ეტაპობრივი შეწყვეტა მოხდეს, რითაც ჩვენს პარტნიორებს საშუალებას მივცემთ უზრუნველყონ მიწოდების ალტერნატიული მარშრუტები და მინიმუმამდე დავიყვანოთ გლობალურ ბაზრებზე გავლენა“, – აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა.