შავი ზღვის შელფზე ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის პროექტის ფარგლებში, საქართველოს ოფშორული ზონის ნავთობისა და გაზის პოტენციალის შეფასებისა და რესურსების აღმოჩენის მიზნით, ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო ღია საერთაშორისო ტენდერს 2022 წლის ბოლომდე დაასრულებს. ტენდერმა III სალიცენზიო ბლოკზე გამარჯვებული უნდა გამოავლინოს.
როგორც ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოში აღნიშნავენ, ეს ტენდერი იქნება ერთგვარი მორიგი მნიშვნელოვანი ნაბიჯი პროცესში, რასაც შავი ზღვის შელფის ათვისება ჰქვია.
ამ პროცესით საერთაშორისო რეპუტაციის მქონე გამოცდილი კომპანიების დაინტერესება და შავი ზღვის საქართველოს შელფზე საძიებო სამუშაოების საწარმოებლად მათი მოზიდვა, სააგენტოს მიერ განხორციელებული ხანგრძლივი და თანმიმდევრული სამუშაოების შედეგად გახდა შესაძლებელი.
კერძოდ, 2020 წლის 22 ივნისს სააგენტომ ჩაატარა ღია საერთაშორისო ტენდერი ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის მოსაპოვებლად შავი ზღვის II და III სალიცენზიო ბლოკებზე.
ტენდერის გამოცხადებას წინ უძღოდა გეოლოგიური და გეოფიზიკური მასალების შესწავლის შესახებ ურთიერთშეთანხმების მემორანდუმების გაფორმება მსოფლიოს უმსხვილეს ნავთობკომპანიებთან: „Esso Exploration International Limited“ „Total E&P Activities Petrolieres“, „OMV PETROM“ და „REPSOL“,„OMV Exploration & Production GmbH“- (OMV)
მოლაპარაკებები კომპანიებთან დაიწყო 2014 წელს.
2019 წელს შესწავლის შედეგების წარმოდგენის შემდეგ დადასტურდა შავი ზღვის შელფის პერსპექტიულობა და მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული საერთაშორისო ტენდერის გამოცხადება ნავთობისა და გაზის რესურსების ძებნა-ძიებისა და მოპოვებისთვის.
2021 წლის 10 მარტს ხელი მოეწერა პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებას II სალიცენზიო ბლოკზე ტენდერში გამარჯვებულ რუმინულ ნავთობკომპანია OMV PETROM S.A.-თან , რომელიც მიეკუთვნება OMV კომპანიების ჯგუფს.
ნავთობკომპანია OMV ნავთობის ძებნა-ძიებისა და მოპოვების სამუშაოებს აწარმოებს, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, ჩრდილოეთ ზღვაზე და ახლო აღმოსავლეთში.
Forbes -ის მონაცემებით OMV Group-ი არის ავსტრიის მე-4, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით 459-ე უდიდესი კომპანია, რაც შეეხება top250.platts.com-ის მონაცემებს, -OMV Group-ი 38-ე ადგილს იკავებს.
2012 წელს კომპანია OMV PETROM-მა, ამერიკულ კომპანია ExxonMobil-თან ერთად რუმინეთში, შავ ზღვის საძიებო ბლოკ Neptun-ზე აღმოაჩინა გაზის ერთ-ეთი უმსხვილესი საბადო DOMINO -1.
„OMV Petrom SA’’ მოამზადა გარემოზე შეფასების ანგარიში, რომელიც განსაზღვრულია 7 წლიანი მინიმალური სამუშო პროგრამის პირველი ეტაპით.
აღსანიშნავია ისიც, რომ ეკოლოგიური მიზნებიდან გამომდინარე, გათვალისწინებულია სანაპიროდან ბუფერული ზონის შექმნა, სადაც აქტიური სამუშოები არ ჩატარდება.
მინიმალური სამუშაო პროგრამის მეორე ეტაპზე განხორციელდება ორ და სამ განზომილებიანი სეისმოსაძიებო სამუშაოები – ორგანზომილებიანი (2D) სეისმოსაძიებო სამუშაოები 750 გრძ.კმ-ზე და სამგანზომილებიანი (3D) სეისმოსაძიებო სამუშაოები არანაკლებ 3000 კმ2. სხვა გეოფიზიკური კვლევების ტიპი და მოცულობა განისაზღვრება ინვესტორის მიერ. სამუშაოების ღირებულებაა დაახლოებით 30 მლნ. აშშ დოლარი.
მინიმალური სამუშაო პროგრამის მესამე ეტაპზე დაიწყება ბურღვა. გათვალისწინებულია გაიბურღოს ერთი ჭაბურღილი კომერციული აღმოჩენისათვის საჭირო ყველაზე ღრმა ჰორიზონტის შემოწმების შესაძლებლობით. ბურღვის ეტაპის ღირებულება დამოკიდებულია კვლევების შედეგებზე. ანალოგიური პროექტის ღირებულება – „დომინოს“ აღმოჩენა – 1,5 მლრდ აშშ დოლარია.
რაც შეეხება შავი ზღვის III სალიცენზიო ბლოკზე გამოცხადებულ ტენდერს, რომელმაც, როგორც აღინიშნა, 2022 წლის ბოლომდე უნდა გამოავლინოს გამარჯვებული, მისი წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ფართომასშტაბიანი გეოფიზიკური საძიებო სამუშოები 3468 კმ2-ზე ჩატარდება.
წყარო: bfm.ge